ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად თბილისში 3916 ნებართვა გაიცა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 10:20
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად თბილისში 3916 ნებართვა გაიცა

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ყველაზე მეტი ნებართვა თბილისში გაიცა. ამის შესახებ საუბარია უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ფარული საგამოძიებო რეესტრის 2017 წლის მონაცემებში, რომელიც საქართველოს საქალაქო და რაიონულ სასამართლოებს მოიცავს. 

თბილისის მასშტაბით, მსგავსი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად 3995 განაცხადი დაიწერა, საიდანაც 3916 დაკმაყოფილდა და უარი მხოლოდ 33 განაცხადზე ითქვა. მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზე, ქუთაისია, სადაც საგამოძიებო უწყებებმა, ფარული მოქმედებების ჩასატარებლად, სასამართლოს თხოვნით 318-ჯერ მიმართეს და 312 შემთხვევაში ნებართვა მიიღეს, უარი მხოლოდ ორი განაცხდზე ითქვა. მესამე ადგილზე კი ბათუმია სადაც, 279 განაცხადიდან 275 დაკმაყოფილდა.

გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 22 ქალაქს შორის, ყველაზე ნაკლები განაცხადი საგამოძიებო მოქმედებებზე ახალციხეში დაფიქსირდა. განაცხადების რაოდენობა ორია. სააამართლომ ორივე მოთხოვნა, დააკმაყოფილა.

ქვეყნის მასშტაბით სულ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად 6157 განაცხადი დაიწერა, საიდანაც დადებითად 5931 გადაწყდა, უარი კი 132 განაცხადზე ითქვა.

ფარული საგამოძიებო მოქმედებები ნიშნავს, რომ საგამოძიებო პროცესისთვის საჭიროების შემთხვევაში, პირის პირადი ინფორმაციის, სატელეფონო საუბრების, კომპიუტერული სისტემების, საფოსტო გზავნილებისა და სხვა საშუალებების კონტროლს. ასევე, ფარულ ვიდეო, ფოტო გადაღებას ან აუდიო ჩაწერას.

 

 

ტეგები