დოდოს ან მის შვილს მტერი არ ჰყოლიათ - თემურ გუგეშაშვილი
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 12:53
დოდოს ან მის შვილს მტერი არ ჰყოლიათ - თემურ გუგეშაშვილი

დოდო გუგეშაშვილის ძმის, თემურ გუგეშაშვილის განცხადებით, მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია მხოლოდ მედიიდან აქვს და ვერსიებზე საუბარი არ შეუძლია. 

მისი ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

„უკეთესად არის, მაგრამ ექიმები მისი გადაადგილების რეკომენდაციას არ გვაძლევენ. რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, ვერსიები მხოლოდ ტელევიზიების მეშვეობით მოვისმინე, მიცემული ჩვენება კითხვის ნიშანს აჩენს ჩემში. დოდოს ან მის შვილს მტერი არ ჰყოლიათ, არც არავინ განაწყენებული, გარდა იმ ინციდენტისა, რომელიც 15 წლის წინ იყო. ასე რომ, ვერაფერს ვიტყვი“, – აღნიშნა თემურ გუგეშაშვილმა.

მისივე თქმით, ხელმოწერით დაადასტურებენ, რომ თანახმა არიან, დოდო გუგეშაშვილის შვილის დაკრძალვაზე ტრანსპორტირება მოხდეს.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

ტეგები