ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 17:21
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი თანმდევ პროექტებთან ერთად: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილეს დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.

საკითხი პირველი მოსმენით განსახილველად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ წარადგინა.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფოს საერთო პრიორიტეტების კონტექსტში აქტიურად ზრუნავს პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაზე, კომპეტენციის ამაღლებაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ჩვენს მიერ მიცემული საკვალიფიკაციო კომპეტენციების საერთაშორისო აღიარება“, - განაცხადა მომხსენებელმა საკითხის წარდგენისას. მისი განმარტებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის ფარგლებში აუცილებელია რიგი ცვლილებების განხორციელება.  თეიმურაზ მურღულიას განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს რეგულაციებს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებით. კერძოდ, განიმარტება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებული ტერმინები და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი იქცევა ძირითად წყაროდ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებული რელევანტური დეფინიციებისათვის. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, კანონპროექტით გათვალისწინებულ ტერმინთა ნაწილი სხვადასხვა სახით არის განმარტებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში. გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი წარმოადგენს განათლების ქვესისტემებისთვის (უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების) საერთო დოკუმენტს, არ არის მიზანშეწონილი, რომ საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს ტერმინების არაერთგვაროვანი განმარტება.

კანონპროექტით ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულება - ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კლასიფიკატორების დამტკიცება. „საუბარია იმ კლსიფიკატორებზე,   რომლითაც მოხდება რვა დონესთან პროგრამების და პროფესიული კვალიფიკაციების   შეჯერება“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

თეიმურაზ მურღულიას თქმით, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებებს, რომელიც ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მოცულობებს/ხანგრძლივობებს უკავშირდება. რაც გულისხმობს საბაკალავრო პროგრამებში 180 ხოლო, სამაგისტრო პროგრამებში 90 კრედიტიანი მოდელების დანერგვას. „ეს პროცესი ჰარმონიზებულია ბოლონიის პროცესთან. ხდება საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრება“, - განმარტა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, როგორც ძირითად კანონში ასევე, უმაღლესი განათლების კანონში არის ერთი დამატებითი ინიციატივა, რომელიც არ არის წარმოდგენილი. „წინა სესიებზე ჩვენ წარმოვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ჯანდაცვის  განათლების მსოფლიო ფედერაციის ინიციატივას - ავტორიზაციის საბჭოში ყოფილიყო სახელმწიფოს წარმომადგენლებიც. ჩვენ ვთვლიდით და ახლაც ვთვლით, რომ ამ საბჭოს დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა, კონკრეტულად, ამ ფედერაციის ამოცანა და დავალებაა რომ ჯანდაცვის მიმართულებით პროგრამებში ჩართული იყოს სახელმწიფოს წარმომადგენლები. დღეს იგივე წინადადება შემოგვაქვს აკრედიტაციისთვის, რაც ასევე, რელევანტურია. ავტორიზაციის შემთხვევაში პარლამენტმა ეს ინიციატივა  გაითვალისწინა და მიგვაჩნია, რომ აკრედიტაციის  შემთხვევაშიც უნდა იყოს გათვალისწინებული“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის მისასალმებელი ინიციატივა, რომელიც შესაბამისობაშია ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან და ემსახურება საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებას. მისი განმარტებით საკანონმდებლო პაკეტი ხელს შეუწყობს „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის კვალიფიკაციების ჩარჩოს შემუშავების შესახებ” რეკომენდაციით მოცემული პრინციპების განვითარებას, ასევე, მეტად გამჭვირვალე და ევროპულთან მიახლოებული სისტემის დანერგვას საქართველოს განათლების სიტემაში.

თამარ ხულორდავამ სხდომაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შენიშვნები და რეკომენდაციები წარადგინა. მისი თქმით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტით მოცემული ტერმინის - „სწავლის შედეგი“-ის დეფინიცია არ შეესაბამება N2008/C 111/01 რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც სწავლის შედეგი განმარტებულია, როგორც „განაცხადი, პირის ცოდნის, გაცნობიერების და შესაძლებლობის შესახებ სწავლის დასრულების შემდგომ, რომელიც ცოდნის, უნარების და კომპეტენციის მიხედვით“ .

როგორც სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კანონპროექტისაგან განსხვავებით ევროკავშირის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო სწავლის შედეგებს სამ ელემენტად ყოფს: ცოდნა, უნარები და კომპეტენცია. „ეს ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები სხვადასხვა კომბინაციით მოიცავს სწავლის შედეგების ფართო სპექტრს, თეორიული ცოდნის, პრაქტიკული, ტექნიკური და სოციალური უნარების ჩათვლით. გარდა ამისა, რეკომენდაცია კანონის პროექტისაგან განსხვავებით სწავლის შედეგის სამივე ელემენტის დეფინიციას გვთავაზობს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მისი თქმით,

 

მიზანშეწონილია სწავლის შედეგების აღწერა N2008/C 111/01 რეკომენდაციისთვის დამახასიათებელი ცოდნის, უნარისა და კომპეტენციის ტერმინებითა და შესაბამისი დეფინიციებით. მისივე თქმით, კანონპროექტში შემოტანილი ტერმინი „დონე“ , რომელიც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ძირითადი სტრუქტურული ელემენტია, არ არის განმარტებული.

თამარ ხულორდავას თქმით, სასურველია ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიზნებს დაემატოს, რეკომენდაციის ისეთი მნიშვნელოვანი მიზნები როგორიცაა: დასაქმებისთვის აუცილებელი უნარების განვითარების და დასაქმებულის და სწავლის პროცესში მონაწილე პირის სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

კომიტეტს შენიშვნა აქვს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშრებით და მიიჩნევს, რომ აღნიშნული პუნქტის არ არის აუცილებელი რადგან მასში მოცემული შინაარსი ისედაც იგულისხმება საკანონმდებლო აქტში.

როგორც მომხსენებელმა განმარტა კანონპროექტები განხილულია დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან თუმცა, შემდგომი კონსულტაციების გამართვისთვის მზაობა გამოხატა. 

ტეგები