მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2018 11:01
მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

16-18 თებერვალს საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მიუნხენს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს 54-ე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში. დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

კონფერენციის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, მათ შორის იაპონიის, იტალიის, ნორვეგიის, მოლდოვას, ლიხტენშტეინის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. 

მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტთან, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილესთან, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩეველთან, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ასევე საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.

საქართველოს ვიცე-პრემიერი ასევე მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად სიტყვით მიმართავს მოწვეულ აუდიტორიას.

მიუნხენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ტეგები