დეპუტატებს გადაწყვეტილების მისაღებად არგუმენტები სჭირდებათ - ზაზა ხუციშვილი
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2018 15:15
დეპუტატებს გადაწყვეტილების მისაღებად არგუმენტები სჭირდებათ - ზაზა ხუციშვილი

„დგას საკითხი, უნდა დაძლიოს თუ არა პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე. ამიტომ, დეპუტატებს სჭირდებათ არგუმენტები იმისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა განუცხადა.

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე, მედიაორგანიზაციების წარმომადგენელებმა განაცხადეს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.  ირაკლი კობახიძემ კი მათ ამასთან დაკავშირებით, არგუმენტების წარმოდგენა მოსთხოვა, რის შედეგადაც შეხვედრა ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელმა, ნინო ჯანგირაშვილმა დატოვა. 

ჟურნალისტებთან საუბრისას, ზაზა ხუციშვილი, ასევე, გამოეხმაურა ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ საერთო მიმოწერაში მოუწოდა. 

„ასეთი რამ არ ყოფილა. როდესაც შევიკრიბეთ უმრავლესობის ფორმატში და პროექტზე ვიმსჯელეთ, იქვე წარმოიშვა აზრთა სხვადასხვაობა. ძალიან სწორი, დემოკრატიული გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ  დარბაზში  ვისაც როგორ მიაჩნია სწორად, ისეთ გადაწყვეტილებას იღებს. ასეც მოხდა. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ 63 ხმით გავიდა ეს პროექტი“,- აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა. 

ტეგები