გვარამია-სანაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2018 18:17

ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი არხზე სახელისუფლებო ზეწოლის საფრთხეზე ლაპარაკოს. სპეციალური განცხადება ამ თემაზე ჟურნალისტმა მედიაორგანიზაციების შეხვედრაზე სასტუმრო Holiday Inn-ში გააკეთა. შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო სექტორი იყო.

"შემაშფოთებელი იყო სიგნალები ბოლო პერიოდში. ხელისუფლებას არ აქვს კომფორტი ჩვენი მუშაობის პირობებში. გვინდა რომ ეს ღიად ვთქვათ. პირდაპირი მტკიცებულებები არ გვაქვს, ვმუშაობთ, რომ ეს მტკიცებულებები მოვიპოვოთ", - განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

ამ განცხადებას ნიკა გვარამიას პროტესტი მოყვა. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტს მეტი კონკრეტიკა მოსთხოვა და ჰკითხა, ფიგურირებენ თუ არა საქმეში ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

"ვერ გავიგე ნინოს ნათქვამი. რას ნიშნავს სიგნალები? არასამთავრობოებმა იციან ეს ყველაფერი და რატომ არ ეუბნებით ფართო საზოგადოებას", - თქვა გვარამიამ, რასაც ტელეკომპანია პირველის წამყვანებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

არხის კიდევ კიდევ ერთმა წამყვანმა ვახო სანაიამ განაცხადა, რომ გვარამია მათ ეთერში დავით დვალის სტუმრობის გამოა განაწყენებული. “ბატონო ნიკა, თქვენ იცით რამე დანაშაულის ნიშნებზე? იქნებ იცით სხვა რამ ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით? რაც შეეხება დამალვას, ჩვენ ეს ყველაფერი ვუთხარით არასამთავრობოებს. თქვენ გინდათ მიგვითითოთ ვინ მივიწვიოთ ეთერში და ვინ არა?”- უთხრა სანაიამ რუსთავი 2-ის დირექტორს. "ბოდიში, რომ თქვენ არ იყავით ამ შეხვედრაზე და ამის შესახებ არ მოგიყევით", - დასძინა ნინო ჟიჟილაშვილმა.