ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2018 19:55
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდნენ

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ძირითადი ნორმების წარდგენა და სტუდენტების მოსაზრებების გაცნობა წარმოადგენდა დისკუსიის მთავარ თემას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც დღეს, პარლამენტის სასახლეში გაიმართა. ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე კანონპროექტის მომზადების მიზნებზე და პრევენციის იმ მექანიზმებზე ისაუბრეს, რომელიც აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს.

„ჩვენი მიზანია ნარკოპოლიტიკის სწორად ჩამოყალიბება, რათა მან საბოლოოდ დადებითი გავლენა იქონიოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეზე. საზოგადოებას შევპირდით, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდით ყველა სეგმენტიდან წამოგვეღო, რაც შეიძლება მეტი რაციონალური წინადადება, რადგან საკითხი საკმაოდ ფრთხილი და სენსიტიურია. კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმები ეხება როგორც მომავალ თაობებს, ასევე ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სტუდენტებთან შეხვედრა თქვენი წინადადებების და მოსაზრებების გაცნობა საინტერესოა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ინიციატივა და პრაქტიკული განხორციელების მექანიზმებზე ისაუბრა ჯანმრთელობის დაცვისა და სოაციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. აკაკი ზოიძემ სტუდენტებს ნარკომომხმარებელთა სტატისტიკური მაჩვენებლები გააცნო და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2012 წლამდე, ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდში ნარკოდამოკიდებული ადამიანების რაოდენობა შემცირების ნაცვლად, პირიქით გაიზარდა. კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებს ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო პრაქტიკა და პორტუგალიის გამოცდილებაც გააცნო.

ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი პროექტი ნარკომოხმარების ლეგალიზებას არ გულისხმობს და მასში საუბარია მხოლოდ დეკრიმინალიზაციის ფორმებზე. მანვე სტუდენტებს დისკუსიის გასახსნელად ინტერაქტიული შეკითხვით მიმართა და მათი მხრიდან პრევენციის ეფექტური მექანიზმების შეთავაზებით დაინტერესდა.

შეხვედრაზე საკითხის ირგვლივ ღია დისკუსია გაიმართა. სტუდენტ-ახალგაზრდობამ ნარკომომხმარებელთა და ზოგადად, ნარკოტიკების მიმართ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და პრევენციული მექანიზმების განსხვავებულ მიდგომებზე ისაუბრეს. სტუდენტების წინადადებები როგორც განათლების სამინისტროს და სკოლების ჩართულობის გაზრდას, ასევე სოციალური კამპანიის და მეტი ინფორმირების საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა მოსაზრებები სკოლებში ფსიქოლოგების როლზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე.

შეხვედრის დასასრულს ფრაქციის თავმჯდომარემ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე და მათი მხრიდან საინტერესო მოსაზრებების წარდგენისთვის კმაყოფილება გამოთქვა. „ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ სტუდენტების სწორი დამოკიდებულებით და სწორი აზროვნებით იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ნარკოპოლიტიკა ჰქვია. ჩვენი მიზანი იყო, მათგან რაც შეიძლება მეტი რაციონალური წინადადება წამოგვეღო. ნამდვილად საინტერესო იყო სტუდენტებთან შეხვედრა, რომლებიც სწორად ფიქრობენ თუ როგორ უნდა  განვითარდეს ქვეყანა, რომ მომავალმა თაობებმა უკეთ იცხოვრონ. შეხვედრაზე ყველა შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ ქვეყანა უნდა იყოს შეუვალი, მკაცრი და ხისტი, ხოლო მომხმარებლებს ლიბერალურად უნდა მიუდგეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტეგები