სამშენებლო კომპანიებისთვის ახალი რეგულაციები 22 თებერვლიდან ამოქმედდება
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2018 19:43
სამშენებლო კომპანიებისთვის ახალი რეგულაციები 22 თებერვლიდან ამოქმედდება

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები უკვე შევიდა. ცვლილებების თანახმად, ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, იქ არსებული ხეების აღრიცხვა და გამწვანების ახალი გეგმის წარდგენა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

გარდა ამისა, 4000 კვ/მ-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად დეველოპერებს საწყის ეტაპზევე დასჭირდებათ სატრანსპორტო კვლევისა და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენა. 

ამასთან, დეველოპერს ვალდებული იქნება განათავსოს საინფორმაციო დაფა, რომელიც უნდა მოიცავდეს სამშენებლო ობიექტზე გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველ ინფორმაციას. მათ შორის, გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღს; გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას 

(მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; შეთანხმებულ გამწვანების პროექტს, რომელიც უნდა იყოს ვიზუალურად გამოსახული მაკეტი ან/და ფოტომონტაჟი.

მთავრობის დადგენილების თანახმად, რეგულაციები 22 თებერვლიდან ამოქმედდება. 

15 თებერვალს მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწერიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს.

ტეგები