სახლში გაჩენილი სიცოცხლე - სასწრაფოს ექიმებმა თბილისში 36 წლის ქალი ადგილზე ამშობიარეს
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2018 20:53
სახლში გაჩენილი სიცოცხლე - სასწრაფოს ექიმებმა თბილისში 36 წლის ქალი ადგილზე ამშობიარეს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი სოციალურ ქსელში ექიმების მიერ მშობიარობის ადგილზე მიღების ისტორიას წერს.

გამოძახებაზე მისულ ექიმებს მშობიარობა დაწყებული 36 წლის პაციენტი დახვდათ. მედიკოსების დახმარებით, ოჯახის მეოთხე შვილი, ქეთევანი საკუთარ სახლში გაჩნდა.

“საოცარია ის ემოცია, რომელსაც ახალი სიცოცხლის დაბადებაში მონაწილეობისას განიცდი!

0415 ბრიგადის -უფროს ექიმ- ინგა დუნდუას, უმცროს ექიმ -ქრისტინე ებრალიძესა და მძღოლ -ვალერ კლარჯეიშვილს – მათი მორიგეობის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე, არასდროს დაავიწყდებათ!

ამ დღეს სამყაროს მათი დახმარებითა და მეშვეობით პატარა გოგონა, სახელად ქეთევანი, მოევლინა! გამოძახება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 18სთ-სა და 53 წთ-ზე შემოვიდა, როდესაც პიკის საათია და მთელი ქალაქი, ე.წ. საცობშია ჩაფლული, აქედან გამომდინარე სწრაფი გადაადგილებაც საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. ბრიგადა 0415-ის გამოცდილმა მძღოლმა ვალერი კლარჯეიშვილმა სასწაულებრივად შეძლო რომ 19 სთ-სა და 01 წუთზე უფროსი ექიმი ინგა დუნდუა და უმცროსი ექიმი ქრისტინე ებრალიძე 36 წლის მშობიარე ქალბატონთან ყოფილიყვნენ.

როგორც ქალბატონი ინგა დუნდუა იხსენებს, როდესაც გამოძახების ადგილზე მივიდნენ, პაციენტს მშობიარობა უკვე დაწყებული ჰქონდა, ამიტომ ჩვენმა ექიმებმა მშობიარობა ადგილზე მიიღეს. ყოველგვარი გართულების გარეშე პატარა გოგონა დაიბადა, 2,800 გრამი და 51 სმ-ი. 36 წლის ქალბატონისთვის ეს მეოთხე მშობიარობაა. ახალგაზრდა დედა და პატარა ქეთევანი ჩვენმა ბრიგადამ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ულოცავს ახალგაზრდა დედას მეოთხე შვილის შეძენას, ხოლო პატარა ქეთევანს ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებს.

ტეგები