რატომ არ შეუძლია დედას საძინებლიდან გამოსვლა? - კიბოთი დაავადებული დედის ემოციური ისტორია
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2018 12:20
რატომ არ შეუძლია დედას საძინებლიდან გამოსვლა? - კიბოთი დაავადებული დედის ემოციური ისტორია

34 წლის ბრიტანელმა სარა უესტმა, რომელსაც ექიმებმა მკერდის სიმსივნე დაუდგინეს, არ იცოდა მცირეწლოვანი შვილებისთვის ეს ამბავი როგორ ეთქვა და მათ წიგნი დაუწერა.

„Mummy’s got a poorly“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც ქიმიოთერაპიაზე, თმის ცვენაზე და ყველა იმ მიზეზზეა საუბარი, რატომ არ შეუძლია დედას საძინებლიდან გამოსვლა და ძველებური რიტმით ცხოვრება.

„გოგონები იმდენად პატარები იყვნენ, რომ ამ ყველაფრის სათქმელად შესაფერის გზას ვეძებდი. ვეძებდი წიგნებშიც, თუმცა მათი ასაკობრივი კატეგორიისთვის ვერაფერი ვიპოვე, ყველაფერი ისე რთულად ეწერა, ისეთი ტერმინებით. როდესაც მეოთხე სტადიის შესახებ შევიტყვე, გონება გამეთიშა. შემდეგ კი, პირველი რაზეც გავიფიქრე, როგორ ვუთხრა ეს ჩემს შვილებს“ – ამბობს სარა.

სარამ მკურნალობა და წიგნზე მუშაობა დაიწყო. წიგნისთვის სურათები უფროს ქალიშვილთან ოლივიასთან ერთად დახატა, ხოლო წიგნის გამოცემაში მეგობარი დაეხმარა და 2 000 ეგზემპლიარად დაუბეჭდა.

„ამელია ჯერაც ძალიან პატარაა და უბრალოდ ამბობს, რომ დედამ წამლები უნდა მიიღოს, რადგან მას სტკივა. ოლივია კი სიკვდილზე ბევრს მეკითხება, თითქოს მოულოდნელად გაიზარდა“ – ამბობს სარა.

სარას თქმით, გვერდში უდგას მისი პარტნიორი და ყველანაირად ცდილობენ, ბავშვებს ძველებური ცხოვრება ჰქონდეთ.

„მაგრამ მე ვგრძნობ, მათ თითქოს ბავშვობა მოპარეს“ – ამბობს კიბოსთან მებრძოლი დედა.

სარას არასოდეს უკითხავს ექიმებისთვის, რამდენი დრო დარჩა, რადგან, მისი თქმით, სანამ ცოცხალია უნდა ოჯახთან ბედნიერი დრო გაატაროს.

ტეგები