„კოტემ მითხრა, აქ შენი ადგილი არ არის, ჩქარა წადი, თავს უშველეო“ - განო მელითაური
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2018 16:00
„კოტემ მითხრა, აქ შენი ადგილი არ არის, ჩქარა წადი, თავს უშველეო“ - განო მელითაური

მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაურმა ჟურნალ „სარკესთან“ თავისი ცხოვრების ბოლო ურთულეს პერიოდზე ისაუბრა.

– განო, ბოლო დღეებში ძალიან აღელვებული იყავი შვილის ჯანმრთელობის გამო.

– მოგეხსენებათ, როგორი ვირუსები დადის ზამთრის სეზონზე და რამხელა ყურადღება სჭირდებათ ბავშვებს. ჩვენ სიტუაცია იმან გაგვირთულა, რომ ბავშვს ვირუსთან ერთად, უმძიმესი ინტოქსიკაციაც ჰქონდა. საშინელი სპაზმური ხველა, მაღალი ტემპერატურა და გაუსაძლისი თავის ტკივილი. ქეთი ნემსაძე და ქეთი ბაგრატიონი არიან ჩვენი ექიმები და ძალიან დიდი მადლობა მათ, იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეს.

–2017 წელი ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, პირადად შენთვისაც ძალიან რთული აღმოჩნდა.

– ძალიან რთული წელი იყო. რაღაც საბოლოოდ ჩაბარადა წარსულს. გარდაიცვალა ჩემი გამზრდელი ბებო და სამუდამოდ დავემშვიდობეთ კოტეს დედას. წარმოიდგინეთ, ერთ საღამოს დამეღუპა ბებო და დილით – კოტეს დედა. ჩემს დაბადების დღეზე, ერთი პანაშვიდიდან მეორეზე გავრბოდი. კოტეს გარდაცვალების შემდეგ, ეს ჩემი ცხოვრების უმძიმესი მომენტი იყო. თან, ათ დღეში პოლონეთში მივფრინავდი დიპლომის დასაცავად, რომლისთვისაც ორი წელი ვიწამე. დიდი მადლობა ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის წარმომადგენლობას საქართველოში, მათი თანადგომის გარეშე, ვერაფერს მოვახერხებდი. ჩემს დაბადების დღეზე დავკრძალეთ ჩემი დედამთილი, რომელიც საბოლოო ჯაჭვი იყო ჩემი ცხოვრების გარკვეულ პერიოდთან. ამ ამბამდე თვე-ნახევრით ადრე, მოულოდნელად ბრმანაწლავი გამისკდა. თბილისში მარტო ვიყავი, არანაირი ტკივილი არ მაწუხებდა, მაგრამ ავდექი და ექიმთან წავედი. კოტემ გამაგდო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მესიზმრა, რომ საავადმყოფოს დერეფნებში დავრბოდი და კოტემ მითხრა, აქ შენი ადგილი არ არის, ჩქარა წადი, თავს უშველეო. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სიმპტომი არ მქონდა და ძიძამაც მითხრა, საკურთხი გააკეთე, ალბათ, ამას ნიშნავს შენი სიზმარიო, ავდექი და რესპუბლიკურში წავედი. რომ არა ნოდარ ხმალაძე, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. რვა საათი ვიწექი საავადმყოფოში და ვერ მიხვდნენ, რომ ბრმანაწლავი მქონდა გამსკდარი. 

– სიზმრებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს?
– ასეა. ჩემი და, რომელიც 13 წლის ასაკში გარდაიცვალა, ყოველთვის ყველაფრის შესახებ მაფრთხილებს. მაგალითად, ვიცოდი, რომ პირველი გოგო მეყოლებოდა და ტასოს დავარქმევდი. ზუსტად ვიცოდი, რომ მეორე ბიჭი მეყოლებოდა. ეს ძალიან ინტიმური თემაა. ზოგს არ სჯერა, ზოგმა შეიძლება, იფიქროს, ეს გოგო გიჟიაო, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ასე ხდება. მე და კოტე დიდხანს ველოდით პირველ შვილს. ძალიან ვნერვიულობდი, მიუხედავად იმისა, რომ სულ ექვსი თვის გათხოვილი ვიყავი და სინამდვილეში, პრობლემაც არ გვქონდა. ბარბარობას, 17 დეკემბრის ღამეს, ჩემი დაიკო დამესიზმრა. თითქოს ძალიან პატარა იყო. მოვიდა და მითხრა: ნუღა ნერვიულობ, მე მოვედი, შენ ორსულად ხარ, გოგონა გეყოლება და ტასო დაარქვიო. ღამის ხუთ საათზე ჩავაგზავნე კოტე ტესტის მოსატანად და გავიგეთ, რომ პატარას ველოდით. ჩემი საყვარელი ადამიანების თანადგომას, რომლებიც დღეს ჩვენთან აღარ არიან, ყოველთვის ვგრძნობ.
– ასეთი წინათგრძნობის გამო, არასდროს შეგშინებია?
– ეს ჩემთვის გენეტიკურია. ხილვები დედასაც ჰქონდა და დიდ ბებიასაც. მეც ძალიან პატარა ასაკიდან დამეწყო ეს ყველაფერი. წინასწარ ვხვდებოდი, რომ ჩემი ოჯახის წევრი აღარ იყო, რომ ვინმეს ძალიან უჭირდა. სიზმარში კონკრეტულ სიტუაციებს ვხედავ, მაგრამ ვცდილობ, მაქსიმალურად დავახშო ეს ყველაფერი. ჩემს ახლო მეგობარს კისტა აღმოაჩნდა. ოპერაციას უკეთებნდნენ და გოგოები საავადმყოფოში ვგულშემატკივრობდით. შუა ოპერაციისას ავტყდი, დედაჩემი კარგად არ არის-მეთქი და გიჟივით გამოვვარდი სახლში, სადაც სასწრაფო დამხვდა. შვილებზე ეს გრძნობა გაასმაგებულად მაქვს. თუ რომელიმეს რამე უჭირს, ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობ. პანიკაში ვვარდები, ვეღარ ვსუნთქავ და სახლში გავრბივარ. ვინც არ მიცნობს, გიჟი ვგონივარ, თუმცა, ჩემი წინათგრძნობა ყოველთვის მართლდება.
– კარგია თუ ცუდი ეს ყველაფერი?
– ძალიან რთულია, როცა შენთვის უსაყვარლესი ადამიანის საფლავის გზას ხედავ, როცა ის ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ თურმე, იმ წუთებში კვდება. მერე მის საფლავზე რომ ადიხარ, იმ გზას ცნობ, რომელზეც არასდროს ყოფილხარ, მაგრამ ნანახი გაქვს. როცა ეს ყველაფერი რამდენჯერმე მეორდება, ძალიან მთრგუნავს და ღმერთს ვთხოვ, მსგავსი რამ აღარასდროს მოხდეს. უმჯობესია, ახლობლის გარდაცვალების შესახებ წინასწარ არ იცოდე. მერე დანაშაულის გრძნობა მიჩნდება – თითქოს რაღაც არასწორად გავაკეთე. ამ ყველაფერს რომ უღრმავდები, რეალობას ძალიან შორდები. ამიტომ, ვცდილობ, ამას ყურადღება აღარ მივაქციო. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა სულ ცუდი ხდებოდა. არასდროს დამავიწყდება, ჩემს დაბადების დღეზე ბებიას გადიდებული ფოტო წამოვიღე „კოდაკიდან“ და ერთ საათში მითხრეს, ლენა გარდაიცვალაო. რამდენიმე წუთში ლენას ფოტოს გასადიდებლად მივბრუნდი – ეს საშინელება იყო. მერე პოლონეთიდან რომ დავბრუნდი, ავარიაში მოვყევი. მართლა ძალიან რთული წელი მქონდა. თუმცა, ბევრი კარგიც მოხდა და ვცდილობ, ამით დავაბალანსო ჩემი ცხოვრება. ახალი საქმე დავიწყე და ახალი ადამიანები შევიძინე. თუმცა, ძალიან ბევრი დავკარგე კიდეც.
– კოტეს გარდაცვალების დროსაც გქონდა მსგავსი გრძნობები?
– ის საბედისწერო მომენტი რომ დადგა, ღამის ოთხ საათზე, ისტერიკებით გავიღვიძე. მაშინვე „ვაიბერში“ შევედი, მაგრამ რატომღაც არ დავურეკე კოტეს. დღემდე არ ვიცი, რატომ. თუმცა, ასეთს ძალიან ცოტა მიცნობს. ძალიან დიდი ბრძოლა მიწევს. ბევრს ჰგონია, რომ იოლი ცხოვრება მაქვს, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. ჩემს ცხოვრებაში ახლა სხვა ინტერესები გაჩნდა: კლუბი, ალკოჰოლი, გართობა – ის, რაც ადრე, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, დღეს გაქრა. ძალიან ბევრჯერ მიტირია იმის გამო, რომ ვერ ვახერხებდი ვყოფილიყავი იქ, სადაც ჩემი მეგობრები იყვნენ. ვერ წავსულვარ იმიტომ, რომ სამი შვილისა და მშობლების წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს. სულ სხვანაირი ცხოვრება წარმომედგინა ჩემს შვილებთან ერთად, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესოა: თავის ტრაგედიით, სიყვარულით, შეცდომებით, წარმატებით თუ წარუმატებლობით. მე მომწონს ჩემი ცხოვრების ასეთი კარდიოგრამა.

წყარო: სარკე

ტეგები