სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის სახალხო დამცველს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2018 17:18
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის სახალხო დამცველს შეხვდნენ

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ავსტრია-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფო კილაძე და ამავე კომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი, ავსტრიის რესპუბლიკის სახალხო დამცველს, პეტერ ფიხტენბაუერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებით ხაზგასმულ იქნა საკონსტიტუციო რეფორმა ადამიანის უფლებების ჭრილში და ამ რეფორმით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეები, რომელიც საგრძნობლად დახვეწავს ადამიანის უფლებების დაცვის სისტემას საქართველოში. პარლამენტის წევრებმა ავსტრიელ უფლებადამცველს გააცნეს მართლმსაჯულების რეფორმა და ის მნიშვნელოვანი შედეგები, რომლის შესახებ აღნიშნულია სხვადასხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში. საუბარი, ასევე შეეხო პენიტენციური სისტემისა და სხვა რეფორმებს, რომელთაც გააუმჯობესეს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა ავსტრიულ მხარეს გააცნეს საქართველოში კომიტეტის პრაქტიკა სახალხო დამცველის ანგარიშებთან მიმართებით, ასევე, კომიტეტის ინიციატივები, რომელიც უკავშირდება სოციალური მუშაკის ინსტიტუტის ფართომასშტაბიან რეფორმას, ბავშვთა კოდექსს და სხვა.

ავსტრიის ომბუდსმენმა საქართველოს პარლამენტის წევრებს წარმოუდგინა ის პრაქტიკა, რომელიც აქვს ავსტრიის სახელმწიფოს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ავსტიულ გამოცდილებაზე საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვასთან მიმართებით.

მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მათ შორის, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით.

ვიზიტი ხორციელდება ავსტრიის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მაკა ბოჭორიშვილისა და საელჩოს დესპანის, გიორგი ტაბატაძის მხარდაჭერით.

ტეგები