ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტები ზეწოლასა და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2018 19:46
ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტები ზეწოლასა და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ

ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტები “ხელისუფლებას ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთისაკენ მოწუოდებენ”. შესაბამისი განცხადება ტელევიზიის პირდაპირ ეთერში არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა გააკეთა.

“ზეწოლა ტელეკომპანია იბერიას მთავარ დამფინანსებელ ომეგა ჯგუფზე, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემას უქმნის ტელეკომპანია იბერიას”, – ეს შესავალი გააკეთა იბერიას ახალი ამბების წამყვანმა, რის შემდეგაც პირდაპირ ეთერში ვახო ხუზმიაშვილი ჩაერთო:

“ტელეკომპანია იბერიას მთავარი დამფინანსებელი არის ომეგა ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. კომპანია ომეგა დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც ტელეკომპანია იბერიას სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს. არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით. ტელეკომპანია იბერია არის ტელევიზია,რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ, ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღკვეთოს ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედბეები”, – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა და დასძინა, რომ ამ განცხადებას იბერიას ჟურნალისტების სახელით აკეთებს.

ამავე საკითხზე მანამდე არხის კიდევ ერთმა სახემ, არჩილ გამზარდიამ ისაუბრა პირდაპირ ეთერში:

“არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლება ცდილობს დაფინანსების წყარო გადაუკეტოს ტელეკომპანია „იბერიას“ იმ ბიზნესკომპანიაზე ზემოქმედებით, რომელიც ტელეკომპანიის ძირითადი დაფინანსების წყაროა. არ მინდა ვიფიქრო, რომ დამოუკიდებელ მედიაზე და მათ შორის ტელეკომპანია “იბერიაზე” სახელისუფლებო შეტევა მიმდინარეობს”, – განაცხადა გამზარდიამ.

რ2-ის ინფორმაციით, ომეგა ჯგუფი 100 -მილიონიან ზარალზე საუბრობს და სასამართლოში კომპანია British American Tobacco-სთან დაობს. რ2-თან საუბარში ომეგას წარმომადგენელი აცხადებს, რომ სააპლეაციო სასამართლომ მათი ზარალი აღიარა, თუმცა მისი ანაზრაურება არავისთვის დაუკისრებია.

ტეგები