ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2018 10:46
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგია და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა განიხილა კომიტეტმა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

წარმოდგენილი დოკუმენტი სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში კომიტეტის პროაქტიულ საქმიანობას შეუწყობს ხელს. მასში მიმოხილულია კომიტეტის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა. განისაზღვრა სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით.

მასში ჩამოყალიბებულია ის მიზნები და ამოცანები, რომელთა შესრულება უზრუნველყოფს 2018-2020 წლების განმავლობაში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს განვითარებას, საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოების პოზიტიური გარდაქმნის პროცესში აქტიურ მონაწილეობას; სპორტის უნიკალური ფუნქციისა და პოტენციალის გამოყენებით, საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანური კაპიტალის განვითარებას; სპორტის პრინციპებისა და ფასეულობების დაცვას თანამედროვე საფრთხეებისა და გამოწვევებისგან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც კომიტეტს საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვისათვის რეკომენდაციები მისცეს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც აქ კარგად გამოჩნდა კომიტეტის წინაშე მდგარი გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლებლობები. „ჩვენ ახლა ვყალიბდებით როგორც საპარლამენტო ქვეყანა და კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ღიაობა, თანამონაწილეობა, ანგარიშვალდებულება, საჯაროობა, ჩვენი შინაგანი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სახელმწიფოებრივი შეგნება და სწორედ ამ პრინციპით უნდა მივუდგეთ ყველა საკითხის გადაჭრას. ეს იქნება იმის საწინდარი, რომ გავუმკლავდეთ პრობლემებს და დასმულ ამოცანებს“, განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დაიგეგმა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან მომავალი საკონსულტაციო შეხვედრები. ასევე ითქვა, რომ სტრატეგიისა და გეგმის საბოლოოდ მიღების შემდეგ მისი შესრულებისა და შედეგების ერთობლივი მონიტორინგი განხორციელდება.

წარმოდგენილი დოკუმენტი შემუშავდა კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

ტეგები