ე.წ. ჩაწყობილი მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2018 11:43
ე.წ. ჩაწყობილი მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება

კალათბურთში ე.წ.გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ ინფორმაცია  ერთ-ერთი ბრალდებულის, ზაზა მაჩალაძის ადვოკატმა დაადასტურა. შოთა მანელიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საპროცესო შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა და ახლა ის სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.

„არის ეს მონახაზი. მივდივართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების დასრულებისკენ. საუბარია 6 თვიან რეალურ სასჯელზე, საიდანაც 2 თვე უკვე მოხდილი აქვს ზაზა მაჩალაძეს. ასევე დაეკისრება 5 ათას ლარიანი ჯარიმა და 1 წლიანი პირობითი მსჯავრი“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ შოთა მანელიძემ. 

პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას ყველა ბრალდებულთან აფორმებს, თუმცა განსხვავებული პირობებით. ცნობილი გახდა, რომ 5 ბრალდებულიდან საპატიმრო სასჯელს მხოლოდ სამი მოიხდის. კერძოდ, საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთვნელი ვაჟა კვარაცხელია, ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი და მსაჯი ზაზა მაჩალაძე 6 თვიან სასჯელს მოიხდიან, რის შემდეგაც მათ 1 წლიანი პირობითი მსჯავრი დაედებათ. რაც შეეხება დარჩენილ ორ ბრალდებულს - ძმებ ირაკლი და დავით ბერიშვილებს, მათ მხოლოდ პირობითი მსჯავრი დაედებათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.

მსაჯებმა და მწვრთნელებმა ამ თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ, ჯამში, 36000 ლარი აიღეს. დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად 23 დეკემბერს წაუყენეს. მათ კომერციულ მოსყიდვაში ედებათ ბრალი.

ტეგები