ეს არის ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება, ამიტომ დავძლევთ დღეს ვეტოს - დავით მათიკაშვილი
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2018 12:46
 ეს არის ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება, ამიტომ დავძლევთ დღეს ვეტოს - დავით მათიკაშვილი

დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, "საზოგადოებრივ მაუწყებელის" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, ეს არის მათი პრინციპული დამოკიდებულება.

"ეს არის ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ვაძლიერებთ მედია გარემოს საქართველოში. ამისთვის კეთდება ყველაფერი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის გაძლიერებით ძლიერდება ზოგადად მედია გარემო. პირიქით, შინაარსში რომ ჩავწვდით და ზუსტად გავიგეთ თუ რას ნიშნავს კანონი იმიტომ დავუჭირეთ მას მხარი და იმიტომ დავძლევთ დღეს ვეტოს"- განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ღიმილის მომგვრელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე შიშებზე საუბარი.

"მე ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა,რომელიც არ ცემს პატივს იმ ღირებულებებს, რომლის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. მთელი ეს პერიოდი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და შენებას მოანდომა ჩვენმა ხელისუფლებამ. ამ პროგრესს და ამ წარმატებას ხედავს მნთელი მსოფლიო. ეს ყველაფერი არ უნდა დაინახოს მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ.

რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს და მონაწილეობას მიიღებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მე ვარწმუნებ მას, მის ადმინისტრაციას და საზოგადოებას, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ფიასკო გიორგი მარგველაშვილის, რომელსაც საზოგადოება დაინახავს"- განაცხადა მათიკაშვილმა.

პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი დღეს განიხილავს.

ტეგები