ირაკლი ბერაია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2018 15:16
ირაკლი ბერაია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა

დეპუტატ ირაკლი ბერაიას შეფასებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ გამართული შეხვედრები უდაოდ წარმატებული და  პროდუქტიული იყო.

„ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმები, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით და გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. მისი თქმით, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა. კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართველო სამხედროების როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, მის მიერ ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამხედროების როლს და წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ამ კუთხით, ჩვენი კონტრიბუციის მნიშვნელობას, როგორც შეერთებული შტატებისთვის ასევე, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებისთვის. „განსაკუთრებით ყურადსაღებია ის მაღალი ნდობა, რომლის გამოხატულებაც არის ჩვენი პარტნიორის მხრიდან თანამედროვე შეიარაღების ანტისატანკო სისტემების გადმოცემა საქართველოსთვის. ასევე, გაზრდილი ფინანსური დახმარება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან და რა თქმა უნდა ამბიციური და მასშტაბური პროექტი, რომელსაც ჰქვია თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც 2018 წელს დაიწყება და ჩვენი ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისთვის 9 სამანევრო ბატალიონის ნატოს სტანდარტებთან თავსებადი შეიარაღებით და შესაბამის წვრთნებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები გადასულია თვისობრივად ახალ ეტაპზე, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში, და როგორც თავდაცვის მდივანმა განაცხადა ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“, - განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრთან საუბარისას, მიღწეული იქნა შეთანხმება ნორვეგიაში ვიზიტის შესახებ, მრავალეროვნული წვრთნების ჩატარებაში საქართელოს მიერ ნორვეგიის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ასევე, შეთანხმება სკანდინავია-ბალტიისპირეთის სტრატეგიული უსაფრთხოების დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობის საკითხის გააქტიურების თაობაზე.

„ნორვეგია ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც მონაწილეობას იღებს  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში და მასთან ურთიერთობების გაღრმავება თავდაცვის სფეროში საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში ასევე, უნდა აღინიშნოს გერმანიის როლი. სწორედ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის და ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმატებული  ფუნქციონირება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი და როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ამ შეხვედრაზე აღნიშნა, ფედერაციული რესპუბლიკა ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცების ღონისძიებების ხელშეწყობის კუთხით“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა

„ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მიუნხენის კონფერენციის შეხვედრები და შედეგები გვაძლევს აბსოლუტურ საფუძველს დავასკვნათ, რომ ეს თანამშრომლობა ნატოს წევრ ასევე, პარტნიორ სახელმწიფოსთან იქნება ძალიან პროდუქტიული მომდევნო წლების განმავლობაში, რაც უდავოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის  თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების დაცულობას. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, ჩვენი პარტნიორების მხრიდან მაღალი ინტერესი ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში და გაზრდილი მხარდაჭერის პროგრამები  - ეს არის საქართველოს მოსახლეობისადმი, ქართული დემოკრატიისადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა და პირდაპირი პასუხი იმ მტკიცე, გაბედულ, პროგრესულ და ქმედით ნაბიჯებზე, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა თავდაცვის უწყებაში, რამაც კიდევ უფრო აამაღლა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, მთლიანად მოახდინა ჩვენი თავდაცვის სისტემის გადააზრება, ტრანსფორმაცია და კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა და მის მიერ პოტენციური აგრესიის შეკავების შესაძლებლობების   ხარისხი და ამის ნათელი დადასტურება გახლდათ წინა კვირას თავდაცვის უწყების პირველი პირის მიერ ჩვენი კომიტეტისთვის წარმოდგენილი ანგარიში“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

 

 

ტეგები