ფინანსთა მინისტრს "ევროპული საქართველო" პარლამენტში იბარებს
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 11:16
ფინანსთა მინისტრს "ევროპული საქართველო" პარლამენტში იბარებს

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო" საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მისვლას ითხოვს. პარტიის ერთ-ერთი წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული საპენსიო რეფორმა მხოლოდ დღევანდელი პენსიონერების მოტყუებას ისახავს მიზნად და ეს საპენსიო რეფორმა უმუშევრობას გაზრდის. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ჭიაბერაშვილის თქმით, დღევანდელ პენსიონერებს, რომლებსაც უკვე მესამე წელია, არ ეზრდებათ პენსია, არსებული რეფორმა არაფერს აძლევს. 

“საპენსიო რეფორმა ზრდის საგადასახადო წნეხს ბიზნესზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის უმუშევრობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სადაც უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. განსაკუთრებით მძიმე ტვირთად საპენსიო გადასახადი მცირე და საშუალო ბიზნესს დააწვება, რომელსაც დღეს ისედაც ძალიან უჭირს არსებული ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში”, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია 1 ოქტომბერს გაიმართა.

 

2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.

ტეგები