ახალქალაქში წყალმომარაგების კომპანიის უფროსი დააკავეს
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 17:08
ახალქალაქში წყალმომარაგების კომპანიის უფროსი დააკავეს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის ფილიალის უფროსს ვარდ მოსოიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლით ედება, რაც მითვისება–გაფლანგვას გულისხმობს. 

საქმე 2014 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის შესახებ გამოცხადებულ ტენდერს ეხება, რომელიც ვარდ მოსოიანის ცოლის ერანუჰ ალექსანიანის სახელზე რეგისტრირებულმა შპს „ვემ–მა“ მოიგო.

75 ათას ლარში კომპანიამ ოკამში, ხოსპიოში, ვაჩინაში და გოგაშენში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა. სამუშაოები კი შპს „ვემ–მა“ახალქალაქის წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკით და თანამსრომლებით განახორციელა. 

პროკურატურამ ბრალი მოსოიანს გუშინ, 21 თებერვალს გვიან საღამოს წარუდგინა. 

„წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს“, - აცხადებს მოსოიანის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

ტეგები