მიხეილ ყაველაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სპორტული დარბაზის გახსნას დაესწრნენ
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 19:49
მიხეილ ყაველაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სპორტული დარბაზის გახსნას დაესწრნენ

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, ქუთაისში, სპორტული დარბაზის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის ბაზაზე, წარმატებული სპორტსმენის, ძალოსნურ მრავალსახეობებში მსოფლიო ჩემპიონის, კონსტანტინე ჯანაშიას სახელობის „ყველაზე ძლიერი მამაკაცის“ დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა.

საზეიმო გახსნას  საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: გენადი მარგველაშვილი, გიორგი მოსიძე, დავით სონღულაშვილი და გელა სამხარაული დაესწრნენ.

პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ამ სახის სივრცეების სიმრავლე აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების უზრუნველსაყოფად.

„ყველას მოგილოცავთ და მინდა, რომ ეს იყოს საწინდარი და დასაწყისი სხვადასხვა ღონისძიებებისა, რომელსაც ამ მიმართულებით ვგეგმავთ.  ეს იქნება მაგალითი ახალგაზრდებისთვის, იქნება მაჩვენებელი იმის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ და მსგავს ინიციატივებს მეტი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ასეთი სივრცეების სიმრავლე არის გარანტი, რომ ჩვენი ბავშვები, მომავალი თაობა ცხოვრების ჯანსაღ გზას აირჩევენ“,-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საჯარო სკოლებში სპორტის პედაგოგთა გადამზადებას, რომლის პირველი ეტაპი უკვე მიმდინარეობს და მეორე ეტაპისთვის გადასამზადებელ პედაგოგთა რიცხვი 3500-მდე გაიზრდება.

„სასიხარულოა, როდესაც ასეთი დარბაზები იხსნება. ჩვენ ამით პირდაპირ ვუპირისპირდებით მავნე ჩვევებს და ეს არის პრევენცია იმისა, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ იმაზე უკეთესი, ვიდრე ვართ ჩვენ. ეს არის დიდი წარმატება ჩვენი, თქვენი და ჩვენი შვილების. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია სხვა მუნიციპალიტეტებშიც გავრცელდეს“,-განაცხადა სპორტული დარბაზის გახსნის ცერემონიაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ხაბარელმა.

„დარწმუნებული ვარ ასეთი პოზიტიური სიახლეები ჩვენი ახალგაზრდების წარმატების  და სწორად განვითარების საწინდარი იქნება“,-განაცხადა პარლამენტის წევრმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა. გენადი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროექტის, „მილენიუმის“ ფარგლებში ხდება საქართველოში მრავალი საჯარო სკოლის სივრცის და სპორტის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და ქუთაისის 36-ე სკოლა, ისევე როგორც ქუთაისის ათი საჯარო სკოლა პროექტის ფარგლებში განახლდება.

სიტყვით გამომსვლელებმა ქ. ქუთაისის მერიას, ადგილობრივ სპორტის აიპ-ის, ყველა სპონსორს და მეცენატს დარბაზის რეაბილიტაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

ტეგები