პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2018 21:46
პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართა

პლენარული სხდომა კენჭისყრის პროცედურით დაიწყო. პარლამენტმა 78 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონის პროექტის მიხედვით, განისაზღვრება სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) უფლებამოსილებებთან დაკავშირებული რიგი საკითხები, გათვალისწინებულია მისი კომპეტენცია, საქმიანობის თავისებურებანი და დამოუკიდებლობის გარანტიები, აგრეთვე განისაზღვრება დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც. სასამართლოს შესაბამის მოხელეს (მაგისტრს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლოში განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია. ზუსტდება სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მისი მოვალეობის შესრულების წესი და პირობები. ასევე ზუსტდება მოსამართლის შვებულებასთან დაკავშირებული მითითებითი ნორმა. 

74 ხმით, მესამე მოსმენით იქნა მიღებული საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

კანონპროექტის მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახური 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე იურიდიულ დახმარებას განახორციელებს აგრეთვე უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ საქართველოს შრომის კოდექსიდან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე საკითხებზე; შესაძლებელი ხდება სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით ისარგებლოს არამხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა, არამედ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლმაც როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად ცხოვრებაში მომხდარი ძალადობის შემთხვევაში; დგინდება კონკრეტული მოთხოვნები ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ იურიდიული დახმარების საბჭოში წარსადგენ კანდიდატთა მიმართ; განისაზღვრება იურიდიული დახმარების საბჭოს წევრების როტაციის წესი (ყოველწლიურად 1/3-ით განახლება დამნიშვნელი სუბიექტების მიერ), გარდამავალი დებულებით კი დგინდება თავდაპირველად აღნიშნული როტაციის განხორციელების ერთჯერადი წესი.

პარლამენტმა რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტს უყარა კენჭი, მათ შორის, პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ რატიფიცირების შესახებ“.

დადგენილების პროექტს მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, რომლის ფარგლებში, აღმოსვლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის ჩუმათელეთიდან ხევამდე დაახლოებით 11 კოლომტრიან მონაკვეთზე არსებული ორზოლიანი გზა გაუმჯობესდება ოთხზოლიან მაგისტრალად. პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს დაახლოებით 109,7 მილიონ ევროს. პროექტის დაფინანსება მოხდება მსოფლიო ბანკის მიერ შემოთავაზებული 16.9 მილიონი ევროს ოდენობის სესხით, საქართველოსა და EIB-ს შორის 2016 წლის 9 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტისათვის“ შეთანხმებული თანხიდან 75.9 მილიონი ევროს ოდენობით და საქართველოს თანამონაწილეობის მეშვეობით, პროექტის ფარგლებში გადასახადებთან, შესაძლო გაუთვალისწინებელ ხარჯებთან და მიწის გამოსყიდვასთან დაკავშირებული საჭირო თანხებთან მიმართებაში, დაახლოებით 16.9 მილიონი ევროს ოდენობით. სესხის ხანგრძლივობაა 24 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდია 15 წელი.

პარლამენტმა 70 ხმით, ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტით საადვოკატო საქმიანობის პრინციპებად განისაზღვრება სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელების პატივისცემა, პროფესიული კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა; ადვოკატთა ტესტირება იცვლება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდით; განისაზღვრება ადვოკატის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების განსაკუთრებული (გამონაკლისი) შემთხვევები; ცვლილება შეეხება ადვოკატობის მსურველთათვის გათვალისწინებული სავალდებულო სტაჟირების პროგრამის პრაქტიკული ნაწილის გავლის მოთხოვნის საკითხს. ცვლილება ეხება, ასევე, ადვოკატთან სტაჟირების გავლის წესს და ხელმძღვანელი ადვოკატის არჩევის პროცედურას; განისაზღვრება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის უფლება-მოვალეობები, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი; ცვლილება ეხება ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების პროცედურებს, ამ პროცესში ეთიკის კომისიის ჩართულობას და განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების განხილვის წესი. აგრეთვე გათვალისწინებულია მაღალი სტანდარტი ადვოკატთა სამართლებრივი დაცვის გარანტიების კუთხით.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს, პირველი მოსმენით, მხარი 75 დეპუტატმა დაუჭირა. წარმოდგენილი ცვლილებით ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ეცვლება სახელი და განისაზღვრება როგორც ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. რეგლამენტს ემატება ნორმა, რომელიც არეგულირებს საქართველოს კონსტიტუციის ზოგად ან ნაწილობრივ გადასინჯვასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვაში მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის საკითხებს. 

დეპუტატებმა დილის სხდომაზე ოცამდე საკითხს უყარეს კენჭი. 

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის წევრებმა მესამე მოსმენით განიხილეს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი. კანონპროექტი პარლამენტის წევრმა, რომან კაკულიამ წარმოადგინა.

წარმოდგენილი ცვლილებით ზუსტდება პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან შესაბამისი სუბიექტების მიერ კანონის პროექტის განხილვის კონკრეტული ვადები. კერძოდ, პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 25 დღისა (ნაცვლად 14 დღისა) პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი, ხოლო საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 20 დღისა წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე.

ამასთან, წამყვანი კომიტეტი კომიტეტის სხდომას იწვევს პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 30 დღისა (ნაცვლად 3 კვირისა). გარდა ამისა, ცვლილების შესაბამისად დაუშვებელია დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის მორიგი სესიის დასრულებამდე 10 დღით ადრე.

პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იქნა განხილული საქართველოს კანონის პროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა. კანონპროექტი მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ წარმოადგინა.

„აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ პირთან, საკმაოდ ვრცელი და ხანგრძლივი კონსულტაციები და განხილვები მიმდინარეობდა, მათ შორის, ბოლო წამყვან საკომიტეტო სხდომაზე ძალიან დეტალურად იქნა უკვე თითოეული მუხლი განხილული და შესაბამისი შესწორებები იქნა შეტანილი“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ. მან დეპუტატებს საკომიტეტო მოსმენის დროს კანონპროექტში შეტანილი შინაარსობრივი ცვლილებები გააცნო.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც კანონპროექტის მოქმედების სფეროს განსაზღვრავს, დაკორექტირდა და კანონის გავრცელების სფეროდ, ასევე განისაზღვრა მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოები. მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ შრომითი ურთიერთობების რეგულაცია 2012 წლიდან, პრაქტიკულად ნულიდან დაიწყო. „2012 წელს „შრომის კოდექსში“ შევიტანეთ ცვლილებები, 2014 წელს შრომის ინსპექცია შეიქმნა, დღეს ვქმნით შრომის უსაფრთხოების კანონს, რომელიც კომპლექსური კანონია და იქ, სადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების დაცვისთვის სახელმწიფოს ჩარევა, იქ ჩაერევა. შესაბამისად, გაჩნდება კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის იქნება ახალი სტანდარტები, ერთიანი რეგულაციები, რეგლამენტები, რომელიც უნდა დაიცვას ყველა მწარმოებელმა. ინერგება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ინსტიტუტი, რომელიც ამას პროფესიულ დონეზე გააკონტროლებს, უზრუნველყოფილი იქნება თითოეული დასაქმებულის ან მათი წარმომადგენლის ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც კონკრეტულად ამ ადამიანებს შეეხება“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისივე განცხადებით, კანონპროექტის თვითმიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება, თუმცა სანქციები შემოდის ბევრად უფრო მაღალი და ბევრად უფრო ეფექტური, ვიდრე აქამდე ყოფილა ამ სფეროში იმისთვის, რომ სახელმწიფომ გააკეთოს თავისი მკაფიო განაცხადა, რომ „ამ საკითხს ეკიდება სერიოზულად“.

ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, კანონების მიღება უნდა მოხდეს დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე და მთავარია კანონის აღსრულება. მისივე თქმით, არ ხდება დღეს არსებული კანონების აღსრულება და აქედან გამომდინარე, მისი მოსაზრებით, ახალი კანონიც ვერ დაიცავს ადამიანებს სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებისგან და სამუშაო ადგილებზე დასახიჩრებისგან.

საპარლამენტო უმცირესობის წევრების აზრით, ახალი კანონით იქმნება ბიუროკრატიული მექანიზმი და ჩნდება კორუფციის საფრთხე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე, თავის გამოსვლაში, გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრების კრიტიკას კანონპროექტთან დაკავშირებით. 

„ჩვენ ვცდილობთ, ცვლილებები შევიტანოთ შრომის კოდექსში, გავმართოდ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უნდა იყოს და მათ შორის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებაზე - ღირსეული შრომის უფლებაზე. დიახ, ჩვენ უნდა შევქნათ სამუშაო ადგილები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი სტრუქტურული უმუშევრობის პირობებში, რომ ამ ქვეყანაში კეთილდღეობა შემოვიდეს, და თქვენი და თქვენამდე არსებული ყველა მთავრობის მიერ დატოვებული სისტემური სიღარიბე დავძლიოთ, შევქმნათ იმის საფუძვლები, რომ მივიღოთ ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ, ამავე დროს, სამუშო ადგილების შექნისას, ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. 

მისივე თქმით, ახალ კანონთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა იმისათვის, რომ ის არ გამხდარიყო კორუფციის წყარო, რომ ყოფილიყო მაქსიმალურად ეფექტიანი და რომ მას დაეცვა როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის ინტერესები.

„ჩვენი საბოლოო მიზანია ამ ქვეყნის კეთილდღეობა, რომ სახელმწიფო ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

აკაკი ზოიძის განცხადებით, ამ კანონის მიღების შემდეგ შესაბამისი ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში და მათ შორის სამოქალაქო დავებთან მიმართებაში იმისთვის, რომ მაქსიმალური შესაძლებლობა მიეცეთ დაზარალებულებს და მათ ოჯახებს იდაონ სასამართლოში, რაც რეალურად იქნება დამატებითი პრევენციის მექანიზმი.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი ვრცელდება მომეტებულ საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე და არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან. კანონპროექტის მიხედვით, შრომის უსაფრთხოება გულისხმობს სამუშაოს ნეგატიური ასპექტებისგან დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების დაცვის სისტემას, რომელიც ქმნის პირობებს ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობისათვის და რომელიც მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, სანიტარულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სხვა ღონისძიებებს. 

კანონპროექტი მოიცავს „სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღების შესახებ“ 1989 წლის 12 ივნისის 89/391/EEC ევროსაბჭოს დირექტივის ზოგიერთ მოთხოვნებს, რომლის ქართულ კანონმდებლობაში გადატანის ვადად განსაზღვრულია 2019 წელი.

პლანარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონის პროექტი.

კანონის პროექტი არეგულირებს საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის ორგანიზებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის წესს. სამხედრო სარეზერვო სამსახური იქნება ორი სახის: აქტიური სარეზერვო სამსახური და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახური. კანონის პროექტით განისაზღვრება აქტიური სარეზერვო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის პირობები, რეზერვის დაკომპლექტების წესი, შესაბამის პირთა ზღვრული ასაკი, სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები; დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები ამ სფეროში; გათვალისწინებულია სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების საკითხი.

მომხსენებელმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა დეპუტატებს საკომიტეტო მოსმენების დროს კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

შესვენების შემდეგ, პარლამენტის წებრებმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილეს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები.

როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებლმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, საკანონმდებლო პაკეტიდან გაწვეულია კანონის პროექტი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. პარლამენტმა 85 ხმით მხარი დაუჭირა ორგანული კანონის პროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით იქნა განხილული და 84 ხმით მხარდაჭერილი კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფართობის და კოორდინატების დაზუსტება. კერძოდ, ცვლილების თანახმად, ყაზბეგის ეროვნული პარკის საზღვრებიდან გამოვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონთან მდებარე ყოფილი პიონერთა ბანაკის ტერიტორია, რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა შენობა-ნაგებობა.

პარლამენტის წევრებმა პირველი მოსმენით განიხილეს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდები კანონპროექტები: „ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით: გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან მიმართებაში სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იგივე ქვედებისთვის გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა; ხდება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა და პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის სფეროში არსებული სანებართვო დოკუმენტის ან სარგებლობის ლიცენზიის გარეშე საქმიანობის და საქმიანობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტით ან ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის; გარემოს დაცვის სფეროში არსებულ მთელ რიგ სამართალდარღვევებთან მიმართებაში ხდება სანქციების ფიქსირებულად განსაზღვრა; გარემოს დაცვის სფეროში არსებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევებში განისაზღვრება სანქციები სახდელის დაწესების შემდგომ კვლავ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის. კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით, განისაზღვრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის. გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება არამხოლოდ წიაღით უკანონო სარგებლობისათვის, როდესაც დადგა მნიშვნელოვანი ზიანი, არამედ იმ შემთხვევებშიც, როცა ხდება წიაღით (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ. კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ნარჩენების მართვის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, 2კგ–მდე მუნიციპალური ნარჩენით ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს დანაგვიანების სამართალდარღვევას განიხილავენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები. გარდა ამისა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ევალება შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ტექნიკური რეგლამენტის პროექტი – პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ. კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტმა, ასევე მხარი დაუჭირა: 87 ხმით, მესამე მოსმენით, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის რეგლამენტის პროექტს; 85 ხმით, მეორე მოსმენით, კანონის პროექტს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“; 83 ხმით, მეორე მოსმენით „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონის პროექტს.

ხვალ, 23 თებერვალს, ბიუროს სხდომა 11:45 საათზე, ხოლო პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

ტეგები