სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღო
ამობეჭდვა · 24 / 02 / 2018 16:13
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე, ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინას ეწვია.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა  მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების თემებს მოიცავდა. შეხვედრას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებმა მოკავშირეებთან ერთად განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და შავ ზღვაზე ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის  გაღრმავების გზები.

ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის დროს, თეიმურაზ კეკელიძე ჯეიმს აპატურაის პირადად შეხვდა.  შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე  და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თეიმურაზ კეკელიძემ ჯეიმს აპატურაის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის კუთხით მიღწეული პროგრესი, მიმდინარე პროექტები და საქართველოს სანაპირო დაცვის სამომავლო გეგმები გააცნო.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი,  ასევე, შეხვდა ნატო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს - ჯული ფიშერს. შეხვედრაზე მხარეებმა საზღვრის დაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის დინამიკა განიხილეს.

ტეგები