სოფო კილაძემ და ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალი დონის შეხვედრები გამართეს
ამობეჭდვა · 24 / 02 / 2018 17:28
სოფო კილაძემ და ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალი დონის შეხვედრები გამართეს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ და ამავე კომიტეტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ბუნდესტაგსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.

საქართველოს პარლამენტის წევრები შეხვდნენ გერმანიის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიდე იენსენს და ამავე კომიტეტის წევრს, გაბრიელე ჰაინრიხს. ასევე, შეხვედრები გაიმართა სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, კარინ შტრენცთან, გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან ფრანკ შვაბესთან.

შეხვედრა გაიმართა გერმანიის მთავრობის რწმუნებულთან ადამიანის უფლებების საკითხებში, ბერბელ კოფლერთან, ასევე გერმანიის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, მიხაელ ზიბერტთან და ამავე სამინისტროს სამხრეთ კავკასიის ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, კნუტ აბრაჰამთან.

შეხვედრებზე ქართველმა დეპუტატებმა გერმანულ მხარეს საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებულად იქნა ხაზგასმული საკონსტიტუციო რეფორმა და ადამიანის უფლებების თავი, ასევე, სასამართლო და პენიტენციური სისტემის რეფორმები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას ამ ჭრილში ადმიანის უფლებების დაცვის როლს. გერმანიის პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.​

ტეგები