„მე ვიცი კონკრეტული ფაქტები - ტატუნაშვილზე შური 2007 წელს მომხდარი ინციდენტის გამო იძიეს“
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2018 20:07
„მე ვიცი კონკრეტული ფაქტები - ტატუნაშვილზე შური 2007 წელს მომხდარი ინციდენტის გამო იძიეს“

საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცრის დავით ნემსაძის ვარაუდით, რომელიც ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილს კარგად იცნობდა, მომხდარი 2007 წელს ახალგორში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რის გამოც ოფიცერი ფიქრობს, რომ ტატუნაშვილზე შური იძიეს.

„პირადად ვიცნობდი არჩილს და ის იყო დისციპლინირებული სამხედრო და ძლიერი მეომარი. ის იყო სამხედრო, რომელიც სამწუხაროდ არ უნდა ყოფილიყო უსაქმურად, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არასწორი პოლიტიკის მსხვერპლი უამრავი სამხედროა, რომლებიც საქმის პროფესიონალები არიან და იყვნენ. სწორედ ამ არასწორი პოლიტიკის შედეგად, ისიც აღმოჩნდა სამოქალაქო ცხოვრებაზე. გაჭირვება საქართველოში ეს არ არის ახალი ამბავი, ამიტომ მას ჰქონდა გარკვეული ბიზნესი ახლაგორში.თვითონ წარმოშობით იქიდან იყო და მიმოსვლა ყოველთვის ჰქონდა ამ ტერიტორიაზე. ის იყო თადარიგის ჯარისკაცი, დათხოვნილი ჯარისკაცი.

თუმცა, მე ვიცი კონკრეტული ფაქტები, რომელსაც ვუკავშირებ მის დაღუპვას. კერძოდ: 2007 წელი იყო, ახალგორიდან სამი ბიჭი მოდიოდა გზაზე და შეიარაღებულმა ოსებმა ისინი ტყვედ აიყვანეს. ერთ-ერთი იყო არჩილი, დაკავების შემდეგ ეს ბიჭები გაკოჭილი ყავდათ. ორი მანქანის მოსაყვანად წავიდა და ერთი ამათთან დარჩა. ტატუნაშვილი გამოელაპარაკა ამ ოსს და მოხერხებულად თოკები აიხსნა, ფიზიკურად ძლიერი იყო. ამის შემდეგ ოსი თავის თავში დარტყმით მოიგერია, რომელიც შემდეგ სცემა. ის ორი ქართველი ბიჭიც გაათავისუფლა, იარაღი ყველაფერი წაართვა და გაუშვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ქარულ პოლიციას, მაინც არ ჩააბარა, რადგა ამ ოსის მამას ტატუნაშილის ოჯახი 90-იან წლებში უბედურების დროს შეუფარებია. შესაბამისად ეს სიკეთე ახსოვდა და ვაჟკაცურად მოეცა მაგ გარეწარს.

მას ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ახალგორში, სადაც ის იზრდებოდა. იყო ასევე ფაქტი, როდესაც ახალგორში ნასვამი სამხედრო გადაუდგა ხალხით სავსე სამარშუტო ტაქსს იარაღით, რომელიც ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. ხოლო ეს ყველაფერი არჩილმა აღკვეთა, განაიარაღა ნასვამი სამხედრო. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის შურისძიება, რადგან არ აპატიებდნენ მას იმ მოქმედებებს დროთა განმავლობაში, რასაც ვაჟკაცური საქციელი ქვია“, – აცხადებს თადარიგის ოფიცერი.

ნემსაძის ინფორმაციით, დათხოვნილი სამხედრო ტატუნაშვილი 2011 წლიდან აქტიურ სამხედრო საქმიანობას ჩამოშორდა და კერძო ბიზნესით ირჩენდა თავს.

„2008 წლიდან იყო აქტიურ სამხედრო სამსახურში, სადაც ის ერაყში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა, ხოლო 2011 წლის 16 აგვისტოს დაამთავრა კონტრაქტი. აგვისტოს ომის დროს, ჩვენი დანაყოფები როტირებულ იქნენ ერაყიდან საქართველოში, თუმცა, ერაყიდან როტირებული ჯარი გორის მიმდებარე ზონას არ გასცდენია. მაგრამ ომის მონაწილეობა მას ეთვლება, თუმცა ახალგორის ტერიტორიაზე, სადაც შემდგომ პერიოდში პირველი ბრიგადა რეგულარულად იდგა, იარაღი არ გაუგდია ხელიდან. თავდაცვის სამინისტროსთან მაქვს კითხვა, რატომ იყვნენ ასეთი პროფესიონალი სამხედროები გარეთ და რატომ უნდა ერჩინათ თავი ვაჭრობით ?! “,- განაცხადა ნემსაძემ.

 

ტეგები