ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ამობეჭდვა · 27 / 02 / 2018 12:26
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს ბაგრატ ჯანუაშვილს სასჯელის სახით რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ჯანუაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოსამართლე ციცინო კიკვაძემ დღეს გამოაცხადა.

ყოფილი პოლიციელის დაცვის მხარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლე მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს დაეყრდნო, რადგან ადვოკატ ნათია ჩხეტიანის განცხადებით, ბრალდების მხარეს სასამართლოში რეალური მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ადვოკატი დავის გაგრძელებას სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში გეგმავს.

ჯანუაშვილი პოლიციელებმა 2 აგვისტოს, თბილისში, ორთაჭალის სადგურზე დააკავეს. მისი მეუღლის თქმით, ის 2012 წლამდე, 12 წელი მუშაობდა პოლიციაში, ქუთაისის პირველ განყოფილებაში. ადვოკატის თქმით, მისგან პოლიციელები სხვა პირის წინააღმდეგ თანამშრომლობას მოითხოვდნენ. „რომ რასაც გეტყვით, ის უნდა თქვაო“.

ადვოკატის თქმით, ბაგრატ ჯანუაშვილი იმერეთისა და ზემო სვანეთის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა პატაკით ინფორმაციის მიღების შემდეგ 1.5 საათში დააკავეს თბილისში, რაც რეალურად დროში ვერ მოესწრებოდა.

ტეგები