ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დაკომპლექტების პროცესში ვართ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2018 11:08
ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დაკომპლექტების პროცესში ვართ - კახა კალაძე

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დაკომპლექტების პროცესშია, - ამის შესახებ თბილისის მერა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ამოქმედდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიისთვის სიახლეა. 

„აქამდე ასეთი სტრუქტურული ერთეული არ ფუნქციონირებდა და ურბანული პოლიტიკის გატარება მერიის საქალაქო სამსახურის დონეზე არ ხდებოდა. ამჟამად, ამ სამსახურის დაკომპლექტების პროცესში ვართ და მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ მიიღოს მონაწილეობა კონკურსებში, რომელიც აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იქნება. ჩვენ კეთილსინდისიერი ადამიანები გვჭირდება, ვისაც საკმაო გამოცდილება აქვს იმისა, რომ ამ მიმართულებით იმუშაოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი ქალაქის უკეთესი მომავლის შექმნისთვის მნიშვნელოვანია. 

„ეს მხოლოდ და მხოლოდ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს არ ეხება. მგონია, რომ ყველა მიმართულებით აუცილებელია ღია კონკურსები გამოვაცხადოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი კონკურენცია იყოს და მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

ტეგები