სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2018 15:14
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების ანგარიში მოისმინეს, რომელიც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე მეტრეველმა წარმოადგინა.

სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში კომიტეტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს და მათ საქმიანობებს ეცნობა. „კომიტეტი ასრულებს სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობას, სადაც დეტალურად გაიწერება სამოქმედო გეგმები და ის აქტივობები თუ რას ვაპირებთ და საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში თუ რა ფორმით ჩავერთვებით ფედერაციების მუშაობაში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ჩოგბურთის ფედერაციის საქმიანობის პრეზენტაციისას, მომხსენებელმა გასული წლის სპორტულ აქტივობებზე ისაუბრა. ალექსანდრე მეტრეველის ინფორმაციით, 2017 წელს ევროპის ჩოგბურთის ასოციაციის ეგიდით 3 საერთაშორისო ტურნირი, იუნიორთა 3 საერთაშორისო ტურნირი, ასევე 4 ქალთა და 2 მამაკაცთა საერთაშორისო ტურნირები გაიმართა. გასულ წელს ასევე ჩატარდა მსაჯთა და მწვრთნელთა გადამზადების კურსები, რომლის შედეგადაც საქართველოს რამდენიმე წარმომადგენელს საერთაშორისო დონის სტატუსი მიენიჭათ. მისივე განცხადებით, აღნიშნული საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა, ჩოგბურთის განვითარებას და მეტი გამოცდილების მიღების საშუალებას იძლევა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ახალი საჩოგბურთო ბაზის „მზიურის“ ფედერაციისთვის გადმოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ფუნქციონირება სპორტის აღნიშნული სახეობის პოპულარიზაციას და განვითარებას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს.

კომიტეტის სხდომაზე ფედერაციის ანგარიშის გაცნობა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტის თავმჯდომარე საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის დახმარების ფორმებით და სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობით დაინტერესდა. მიხეილ ყაველაშვილი ფედერაციის ბიუჯეტის დაგეგმვის საკითხებსაც შეეხო და პროგრამული დაფინანსებაზე გადასვლის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზე ეროვნული ფედერაციებისთვის ბიუჯეტის საბაზისო ოდენობა განისაზღვროს და შემდგომ სპორტის სახეობების პრიორიტეტულობიდან და შესაძლო შედეგების საფუძველზე პროგრამული დაფინანსებები დაემატოს. ეს საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ თუ რა მოლოდინები აქვს სახელმწიფოს სპორტის ამა თუ იმ სახეობისგან. სპორტის განვითარების მიმართულებით ორი მიდგომა - მისი ხელმისაწვდომობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა განიხილება და ჩვენი სტრატეგიაც სწორედ ამ კუთხით იქნება მიმართული. რაც შეეხება ჩოგბურთს - იგი საკმაოდ მისაღები და პოპულარული სპორტის სახეობაა, რასაც საქართველოში ჩატარებული კვლევებიც მოწმობს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში კომიტეტის მხრიდან დადებითად შეფასდა. კომიტეტის წევრებმა სპორტის სახეობის კიდევ უფრო განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით, ფედერაციის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვეს.

ტეგები