იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2018 16:29
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში გერმანული ფონდის (IRZ) ორგანიზებით, გერმანელ პროფესორთან და სამართლის დოქტორთან ედუარდ შრამთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის რეფორმირების ფარგლებში, სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის ცალკეული ასპექტების განხილვა წარმოადგენდა. კომიტეტის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, კოდექსის აღნიშნული მუხლის ახალ რედაქციაზე მუშაობის აუცილებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა განაპირობა. საუბარია კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც  დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვას გამორიცხავს.

შეხვედრაზე იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის პროფესორმა ედუარდ შრამმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო გამოცდილებასა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო პრაქტიკაზე ისაუბრა და კონკრეტული სამართლებრივი საქმეები განიხილა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, სადაც კომიტეტის წევრებმა, იურისტებმა და სამართლის ექსპერტებმა მსჯელობა და დისკუსია გამართეს.

ტეგები