ბათუმში არასრულწლოვნები პროსტიტუციაში არიან ჩართულები
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2018 19:17
ბათუმში არასრულწლოვნები პროსტიტუციაში არიან ჩართულები

Unicef-ისა და World Vision-ის კვლევების, ასევე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანის“ მოკვლევით გამოვლინდა, რომ ბათუმში 25 არასრულწლოვანია პროსტიტუციაში ჩართული, 150 კი ქუჩაში მუშაობს. ზაფხულობით კი მათი რიცხვი იზრდება. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

ამ თემის შესახებ სტუდია რეკმა საგამოძიებო ფილმი მოამზადა. ფილმში არასრულწლოვანი გოგოები ამბობენ, რომ სამართალდამცველები ღამის კლუბებში ხვდებიან, თუმცა ყურადღებას არ აქცევენ, რადგან გოგოების თქმით, კლუბების მფლობელები პოლიციელებთან შეთანხმებულად  მუშაობენ.

ფილმის ერთ-ერთი გმირი სალომე (სახელი შეცვლილია) იხსენებს, რომ პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე მოხვდა: „პოლიციელებმა გადაგვამოწმეს და მალევე გამოგვიშვეს, დაადგინეს თითქოს ალკოჰოლი გვქონდა მიღებული, თუმცა სინამდვილეში ტაბლეთები გვქონდა  ჩაყლაპული’’.

სიუჟეტის რედაქტორი, ირმა ზოიძე აცხადებს კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა.

„იალქანის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ პოლიცია პრობლემის მოგვარებაში მხოლოდ მაშინ ერთვება, თუ ტრეფიკინგის ფაქტი ფიქსირდება.

„ძალიან მკაცრია კანონები არასრულწლოვანების პროსტიტუციაში ჩართვის გამო, მაგრამ მხოლოდ ფაქტზე თუ არ წავასწარით ისე რეაგირება არ ხდება. არასრულწლოვნების პროსტიტუცია ხშირად ორგანიზებულ სახეს იღებს,“ - ამბობს თეონა აბაშიძე.  

საქართველოს კანონმდბლობით არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. იგივე ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ან წინასწარი შეცნობით,  არასრულწლოვნების მიმართ პროსტიტუციაში ჩაბმისაგან სარგებლის მიღება 5 დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტეგები