გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2018 20:29
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართა

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა, სარატიფიკაციო დოკუმენტი და რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს.

სხდომაზე იმსჯელეს  საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2018 წლის 5 იანვარს ხელმოწერილ  სასესხო შეთანხმებაზე - „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება“ .

როგორც სხდომაზე ითქვა, პროექტით გათვალისწინებულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია, რომელიც  ჰიდრომეტეოროლოგიური და ჰიდრომეტრიული სადგურის მონტაჟს მოიცავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძის განცხადებით, სესხის აღება გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული სამუშაოების შესასრულებლად. პროექტის განხორციელების მიზნით, EBRD საქართველოს სესხის სახით გამოუყოფს 28 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს. სესხის ხანგრზლიობა 15 წელია, მათ შორის, 3,5 წელი შეღავათიანი პერიოდი. 

კომიტეტმა საბოლოო - მესამე მოსმენით მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარმოდგენილი შემდეგი კანონპროექტები განიხილა:  „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ბუნების ძეგლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გამოიტანა.

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა ერთი მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებმა განაპირობა. კანონპროექტის მიზანია სამართლებრივი საფუძვლის ჩამოყალიბება შავი ზღვის წყლების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიზნით გასატარებელი იმ ღონისძიებებისათვის, რომლებმაც ზღვის გარემოს გაუმჯობესება, ზღვის წყლების დაბინძურების ეტაპობრივი შემცირება და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევა უნდა  უზრუნველყოფს.

რაც შეეხება საკანონმდებლო პაკეტს, რომელშიც  გაერთიანებულია კანონპროექტები:  „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნების ძეგლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მისი მიღება მოქმედი  კანონებით განსაზღვრული ცალკეული დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტების მიზნით ხდება. სხდომაზე კანონპროექტების მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ დაფიქსირებულა.

კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ასევე კანონპროექტი „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონის პროექტები. ამ საკანონმდებლო პაკეტზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს სავალდებულო დასკვნის გაკეთება ევალება.  მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ზოგადი პრინციპების დონეზე კომიტეტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ გააცნო.

საკანონმდებლო პაკეტი ძირითადად ორ ნაწილს ეხება - ესაა სივრცითი მოწყობის საკითხები და მშენებლობის საკითხები. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია სივრცითი მოწყობის, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის უნიფიკაცია და ჰარმონიზაცია, ასევე, ცალკეული გადაწყევტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების გამარტივება და ტრანსფარენტულობა, ძირითადი სამართლებრივი ინსტიტუტების კანონის ფორმაში მოქცევა და მათთვის სტაბილურობის შენარჩუნება.

სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ  კანონპროექტის მიზანია საქართველოში სივრცითი მოწყობის, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და მშენებლობის სფეროს კანონმდებლობის ევროპულ და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორჰუსისა და ესპოს კონვენციები, აგრეთვე, ევროკავშირის 2001/42/EG, 305/2011/EG და 2010/31/EU რეგულაციები.

დასასრულ,  გარკვეული სახის შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

ტეგები