სამგორში ხის საამქროში ძვირადღირებული ინვენტარი დაიწვა
ამობეჭდვა · 04 / 03 / 2018 11:52
სამგორში ხის საამქროში ძვირადღირებული ინვენტარი დაიწვა

სამგორში, გიორგი ნადარეიშვილის ქუჩაზე, სადაც ხის საამქრო დაიწვა, ისნის გამგებელი კახა ლაბუჩიძე მივიდა. მისი განცხადებით ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პატარა კერების ლოკალიზება ამ დრომდე გრძელდება.

"საბედნიეროდ ხანძარი სხვა საწყობებზე არ გადასულა, თუმცა დაიწვა საკმაოდ ძვირადღირებული ინვენტარი და ზარალი საკმაოდ დიდია,"- განაცხადა მან.

სამგორის ხის საამქროში, სადაც დღეს დილით ხანძარი გაჩნდა, 3000 კვ.მ-მდე ფართობი დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, იწვოდა ერთსართულიანი საწყობის შენობა და მასში განთავსებული ხის მასალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ანდრე ქუჯაიძის ინფორმაციით, საწარმო „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში იყო დაფინანსებული და ძაღლებისთვის ხის სადმოები მზადდებოდა.

ტეგები