საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 05 / 03 / 2018 12:15
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართა

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი-კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

დოკუმენტი პარლამენტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, შეთანხმებას ხელი 2018 წლის 5 იანვარს მოეწერა და იგი, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის  მიზნით, 28 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ასევე, გათვალისწინებულია, რომ ამ სესხთან ერთად, ენგურჰესი 7 მლნ ევროს ოდენობით გრანტს მიიღებს.

აღნიშნული ფინანსური რესურსი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტს მოხმარდება.

დოკუმენტის თანახმად, გათვალისწინებულია სესხის გამოყოფა 15 წლის ვადით, საიდანაც 3,5 წელი შეღავათიანი იქნება. საპროცენტო განაკვეთი კი ცვალებადი და EURIBOR-ზე დამოკიდებული.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2018-2021 წლებში და მას შპს. „ენგურჰესი“ განახორციელებს.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ გიორგი კაკაურიძეს წინადადებით მიმართა, რათა უახლოეს პერიოდში ერთი საკომიტეტო მოსმენა იმ პროექტების განხორციელების პროცესს მიეძღვნას, რომლის განხილვა და რატიფიცირებაც ბოლო წლების განმავლობაში კომიტეტმა მოახდინა, რაზეც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მზაობა გამოხატა.

ტეგები