ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივით ინკლუზიური განათლების პრობლემებზე საჯარო შეხვედრა გაიმართა
ამობეჭდვა · 05 / 03 / 2018 19:37
ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივით ინკლუზიური განათლების პრობლემებზე საჯარო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის წევრის, №6 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივით დღეს პარლამენტში საჯარო შეხვედრა გაიმართა ინკლუზიური განათლების საკითხებზე და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე.

ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის შესახებ“ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერას უწევს სისტემაში არსებულ 8 სკოლა - პანსიონს. 

სწორედ ზემოხსენებული პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების (სკოლა-პანსიონების) საჭიროებებზე, მათ შორის სკოლების ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და სოციალური ხასიათის მქონე სხვა პრობლემებზე იმსჯელეს შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, საქართველოში არსებული სკოლა-პანსიონების დირექტორები და ამავე სკოლების პედაგოგები.

სფეროში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს ღონისძიების ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა ბექა ოდიშარიამ და გენადი მარგველაშვილმა. ინკლუზიური განათლების შესახებ პრეზენტაცია გამართა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელმა ეკატერინე დგებუაძემ. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთელი სიმწვავით დგას ინფრასტრუქტურის პრობლემა და პირველ და გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ბავშვებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება. განსაკუთრებით ავარიულია თბილისის 202-ე და 203-ე სკოლების შენობები. 

მარიამ ჯაშის განცხადებით, ინკლუზიური განათლება დღეს ნამდვილად პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ პროცესში უკვე 7 ათასამდე ბავშვია ჩართული, ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა პრობლემები არის და ინფრასტრუქტურის გარდა ეს უკავშირდება სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის, სპეცპედაგოგებსაც. მისი თქმით, შემუშავებულია რეკომენდაციების პაკეტი და სპეცპედაგოგების პროფესიული განვითარების კუთხით ცვლილებები იგეგმება. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად განახორციელებენ კონკრეტულ ცვლილებებს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ, საბოლოოდ უნდა შეიქმნას მოსწავლის საჭიროებაზე ორიენტირებული მოდელი. 

„ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბევრი გავაკეთოთ სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, საჭიროებების მქონე პატარებისა და მათი ოჯახებისათვის. ჩვენი სურვილია, ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ მდგომარეობა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს, მათ ოჯახებს. ინფრასტრუქტურის საჭიროებებთან ერთად, ასევე აუცილებელია მასწავლებელთა კადრის შენარჩუნება, რომლებიც ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე მუშაობენ, უნდა დარეგულირდეს მათი შრომითი ანაზღაურება და ა.შ.“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისივე თქმით, საჭიროა, რომ ამ მიმართულებას მომავალში საგრძნობლად მეტი დაფინანსება გამოეყოს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხარისხიანი ინკლუზიური განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვისათვის, ამასთანავე ამ დარგს საერთო თანამდგომა სჭირდება და ამ მიმართულებით ძალისხმევა უნდა გააერთიანონ როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ასევე ადგილობრივმა თვითმმართველობებმა.

 

ტეგები