ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადავადდა
ამობეჭდვა · 05 / 03 / 2018 21:56
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადავადდა

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა. 

გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. კანონპროექტის განხილვის გადავადების შესახებ წინადადება სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ წამოაყენა. ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს.

"შეიძლება ითქვას, რომ მიღწეულია შეთანხმება ჩვენს გუნდშიც. პირველი, ეს არის პრევენციის მექანიზმის გაძლიერება, რათა დავიცვათ მომავალში ნარკოტიკების ზიანისგან ჩვენი შვილები და ახალგაზრდები, მომავალი თაობა; მეორე - ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ უწყებებს, ებრძოლონ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას, ორგანიზებულ ნარკოდანაშაულს; მესამე - ნარკოდამოკიდებული პირებისთვის შევქმნათ უკეთესი მარეგულირებელი გარემო და ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს, რომ მკურნალობის რეაბილიტაციასა და ზიანის შემცირების სერვისი მიიღონ შეუფერხებლად, და მეოთხე მიზანი - შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი, სადაც ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული მონაცემები, ინფორმაცია მოიყრის თავს. მოხდება ამის ანალიზი და მომავალში გადაწყვეტილებები ამაზე იქნება დაფუძნებული.

თუმცა ამ საკითხების გარშემო არაერთი ტექნიკური საკითხია, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება არ არის სრულად მიღწეული, ამიტომ პირადად მე მიმაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ კანონპროექტის განხილვამდე კიდევ ავიღებთ 2-თვიან ვადას და საბოლოოდ შევაჯერებთ იმ თემებს. ასევე, განვიხილავთ საბიუჯეტო მაჩვენებელსაც, თუ რა რესურსი დასჭირდება პრევენციისა და სერვისების გაფართოებას. გთავაზობთ, რომ საკომიტეტო განხილვის ვადა გადავწიოთ ამ პერიოდით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის შესახებ მსჯელობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარის ეკა ბესელიას თხოვნით თებერვალში სამი კვირით გადაიდო.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა. თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ უმრავლესობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. 

2017 წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.

ტეგები