"ქეთა, როცა შენ ოკუპანტის დროშით იმოსები, შენი თანატოლები ძმის მკვლელობას ვგლოვობთ"
ამობეჭდვა · 06 / 03 / 2018 00:51
"ქეთა, როცა შენ ოკუპანტის დროშით იმოსები, შენი თანატოლები ძმის მკვლელობას ვგლოვობთ"

"რეფორმატორების ლიდერი, ირაკლი ღლონტი A STUDIO-ს სოლისტის ქეთა თოფურიას სოციალურ ქსელში მიმართავს.

"მოგესალმები სამშობლოდან, მავთულხლართებით დახლეჩილი საქართველოდან, შენი თანატოლი.

ჩვენ თანატოლები ვართ, ერთი თაობის წარმომადგენლები და არ ვაპირებ სენტიმენტალურ-პათეტიკურ ჟანრში ,,პეტიციის'' დაწერას შენს მიმართ, უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ღირს გამოგეხმაურო საჯაროდ, ვინაიდან პირადად ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს და იმ თვალსაზრისით, რომ თანატოლი ხარ.

შენს საქციელებზე ბევრჯერ გავბრაზდი, ახლაც, ძალიან, მაგრამ არასდროს არ მოგაყენებ შეურაცხყოფას იმ სიტყვებით, რომლითაც აქ მოგიხსენიებს ბევრი, ეს ჩემი ცხოვრების წესებს ეწინააღმდეგება. ჩემთვის თითოეული ქართველი ძვირფასია, თუმცა არსებობს წითელი ხაზიც, რომელსაც ხშირად კვეთავ და ჩემი საჯარო წერილის მიზანი სწორედ ის არის, რომ მოგიწოდო მეტი პასუხისმგებლობისკენ და თავშეკავებისკენ.

ქეთა, არავის საქმე არ არის, სად და როგორ რეალიზდები, მე მიხარია, რომ წარმატებული ხარ, მაგრამ ვერასდროს ვერ მოგიწონებ ანტიქართული პოზიციებით ცხოვრებას, მითუმეტეს საჯაროდ კეკლუცს. მე შემიძლია დავივიწყო შენი არსებობა და ჩაგთვალო უმნიშვნელო არსებად, ისე, როგორც არაერთი დაბადებით და წარმომავლობით ,,ქართველი'', ეს ნამდვილად შემიძლია და საფუძვლებიც ბევრჯერ მომეცი, მაგრამ უკვე აღვნიშნე, რომ ჩემთვის თითოეული ქართველი მნიშვნელოვანია, მათ შორის შენც !

ქეთა, არავისგან არასდროს არ ვითხოვ და არ ველოდები პატრიოტიოტობას, თუმცა ელემენტარული ღირსების საკითხია იდგე იქ, სადაც შენი ხალხია და არა იქ, სადაც შენი ხალხის მტრებია. შენ, რომ ხოტბას ასხამ და მხარს უჭერ, ის ხალხი შენი სამშობლოს და ერის მტერია, რომლებიც ვერ გაძღნენ ჩვენი სისხლით, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გარეშე გვსურს ცხოვრება. შენ რომ მანდ არხეინად ცხოვრობ, 300 000 ჩემი და შენი თანამემამულე დევნილია და საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება, მორწმუნე ხალხი საფლავებზე ვერ მიდის მიცვალებულებისთვის პატივის მისაგებად. შარშან, ჩვენი თანატოლი მოგვიკლეს სამეგრელოში, გიგა ოთხოზორია, წარმოიდგინე, ვიღაც ტილიანმა, მხდალმა სეპარატისტმა არსებამ, ვინმე კანჯი ოღლიმ მოგვიკლა ძმა და ახლა, ასევე ჩვენი თანატოლის, წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარსაც კი გვახვეწნინებენ სეპარატისტები და მათი ლობისტები, რუსები.

ქეთა, არ წავიდეთ შორს, ჩვენ უკვე წამოზრდილები ვიყავით, როცა დაგვაწიოკეს, გადაგვწვეს, ხალხი დაგვიხოცეს, ტერიტორია სამხედრო აგრესიის გზით მიითვისეს და განზრახ, 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში ანექსიას აწყობენ და პარალელურად აფხაზეთში ,,ოფიციალურ'' ვიზიტებს მართავენ.

ქეთა, როცა შენ ოკუპანტის დროშით იმოსები და მოედანზე გადიხარ, პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებ რუს ხალხს, შენი თანატოლები ძმის მკვლელობას ვგლოვობთ და აქციებს ვმართავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ობიექტური მიზეზების გამო არ გთხოვ, მოსკოვში იგივეს ორგანიზებას, მაგრამ იქნებ დაფიქრდე, რომ ჩვენს წინააღმდეგ წასვლით შენ ვერც მაგ ხალხის თვალში ვერ დაიმკვიდრებ ღირსეულ ადგილს. მოგეფერებიან, მადლობას გეტყვიან, ,,დაგაფასებენ'', მაგრამ რა ვთქვი მტრისგან დაფასებასა და ჰონორარებზე, როცა შენი სამშობლო მგლოვიარე და შეურაცხყოფილია.

ქეთა, შენი თანატოლები აქციებს ვმართავთ დეოკუპაციის მოთხოვნით, მოკლული ძმის ცხედარს ვითხოვთ, ამ დროს შენ მოსკოვში პუტინის კამპანიაში ხარ ჩართული. დღეს ვნახე, რომ ასევე ჩვენი თანატოლი, ნუკი კოშკელიშვილი უცხოელ მეუღლესთან ერთად აშშ-ში აქციაზე დგას და გვიერთდება საზღვარგარეთიდან.

მე მეტჯერ არ ვაპირებ მოგმართო, ეს არის პირველი და უკანასკნელი წერილი შენს მიმართ. მსურს გახსოვდეს, რომ ქართული სახელმწიფო, შენი სამშობლო და შენი ხალხი, არასდროს არ შეგუებია მტრის თავგასულობას და საკუთარი სისხლის ფასად მოვიტანეთ აქამდე სახელმწიფოებრიობა. ეს ასე იქნება იქამდე, ვიდრე იარსებებს, ლევანი, დათო, შოთა, ირაკლი, გიორგი, ლადო, ლექსო, ზვიადი, მერაბი, ნუკი, მარიამი, ლელა, ნათია, რუსუდანი და სხვები ... შენი არჩევანია, სად იდგები, აქ, თუ ოკუპანტი ვანიას და ვალოდიას გვერდით, მათ საამებლად.

მე მინდა გიხილო ჩვენს გვერდით, მე მინდა გიხილო ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. იმედი მაქვს ბევრს იფიქრებ ამ საკითხზე და თავის გამამართლებელი არგუმენტების მოშველიების ნაცვლად შენს თავს ეტყვი, რომ აქამდე ძალიან ცდებოდი.

მესმის, რომ საქართველო ვერ გთავაზობს თვითრეალიზების სახარბიელო პირობებს, მანდ გიხდიან და კომფორტულად ცხოვრობ, მაგრამ თუ სამშობლოსთვის სიკეთის გაკეთებას არ გკარნახობს გული და გონება, კეთილი ინებე და თავი შეიკავე კოლაბორაციული განცხადებებისგან. ნუ გვიპირისპირდები, ჩვენ აქ ვართ, შენი თაობა და ყველაფერს ვაკეთებთ საკუთარი ქვეყნისთვის და შენზე ნაკლებად არ შეგვიძლია პირად კომფორტზე ორიენტირება. თუ გვერდით არ გვიდგახარ, წინააღმდეგ მაინც ნუ იქნები, რადგან უპასუხოდ არ დარჩები არასდროს და პასუხი იქნება არსებითად მკაცრი.

p.s. მიგიწოდებთ და გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ჩემს მიმართვას თქვენი ბრაზის გამოსახატად, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას კომენტარებში. მე მჯერა მისი, რომ შეცვლის დამოკიდებულებას და დადგება ჩვენთან ერთად, სიმართლის და ღირსების მხარეს", - წერს ღლონტი.

თოფურიამ რუსეთის მოქალაქეებს სოციალური ქსელიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

ტეგები