იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 06 / 03 / 2018 17:38
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი და ყალიბდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით - შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 7 დღის ნაცვლად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც განსახილველი დავის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი დავის განმხილველ სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, თავად განსაზღვროს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ვადა გონივრული დროით, შემდეგი შეზღუდვის გათვალისწინებით: წარმოდგენილი კანონპროექტით სასამართლოსადმი მინიჭებული დისკრეცია შემოსაზღვრულია 30-დღიანი ე.წ. „ზედა ზღვრით“, რაც სწრაფი მართლმსაჯულების უფლებას შეესაბამება. აღნიშნულ საკითხზე განისაზღვრა სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადად 5 დღე, რაც მოქმედი კანონმდებლობით არ იყო რეგულირებული და არ იძლეოდა უფლების დაცვის გარანტიას.

„ჩვენ, ეს კანონპროექტი გადავუგზავნეთ მთავრობას, ასევე სხვა უწყებებსაც. ყველა მოსაზრება გავითვალისწინეთ და საბოლოოდ ეს რედაქციაა შემოთავაზებულია,  სადაც ზუსტად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაკონკრეტდა ვადა“,-განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა  კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

2018 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ითვალისწინებს გადახდისუუნარობის ელექტრონული სისტემის დანერგვას. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ელექტრონული სისტემის გამართულად და სრულყოფილად ამოქმედებამდე (2018 წლის 1 სექტემბრამდე), იმ წესების მოქმედებას, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე, არსებული კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც სხდომაზე პარლამენტის წევრმა, აკაკი ზოიძემ წარმოადგინა.

2017 წლის საგაზაფხულო სესიაზე  პარლამენტის მიერ მიღებული იქნა კანონპროექტი, რომლის მიღების მიზეზს წარმოადგენდა თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის იმპლემენტაციისათვის დამატებით ვადების და შესაბამისად მისი დარღვევისათვის განსაზღვრული სანქციის ვადის გადაწევა 2022 წლის 31 დეკემბრამდე.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილება ადგენს მხოლოდ სტანდარტიზებული შეფუთვის იმპლემენტაციისათვის დამატებით ვადებს და შესაბამისად, მისი დარღვევისათვის განსაზღვრული სანქციის ვადას, ამავე ცვლილებით, ავტომატურად მოხდა იმ ადმინისტრაციული სანქციის ვადის გადაწევაც, რომელიც შეეხება აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის ისეთი შეფუთვით რეალიზაციასაც, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს (მ. შ. სამედიცინო გაფრთხილება).

აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების განხორციელება და კოდექსს ემატება ორი მუხლი. ერთი მუხლის თანახმად,  ცალკე გამოიყო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე, თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა, ხოლო მეორე მუხლის დამატების სახით - თამბაქოს ნაწარმის ისეთი შეფუთვით რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

ცვლილებების თანახმად, თამბაქოს სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სანქციების ამოქმედების ვადა დარჩება იგივე, (არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბერი), ხოლო თამბაქოს ნაწარმის ყველა სხვა შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 1 მაისი. 

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

 

ტეგები