"თუ მსხვერპლი უარყოფს, მაგრამ ფაქტები ძალადობაზე მიუთითებს, გამომძიებელს უფლება აქვს და მეტიც, ვალდებულია, ორდერი გამოსცეს"
ამობეჭდვა · 06 / 03 / 2018 23:37
"თუ მსხვერპლი უარყოფს, მაგრამ ფაქტები ძალადობაზე მიუთითებს, გამომძიებელს უფლება აქვს და მეტიც, ვალდებულია, ორდერი გამოსცეს"

მალე დაინერგება რისკის შეფასების ინსტრუმენტი, რაც შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ შსს–ს თანამშრომელს რისკის შეფასების უფრო ეფექტიან შესაძლებლობას მისცემს, – ამის შესახებ შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, რისკის შეფასების ინსტრუმენტი იქნება კითხვარი, რომლის მეშვეობითაც შსს–ს თანამშრომელმა უფრო ეფექტიანად უნდა დაასკვნას, კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობის განხორციელების რისკები რამდენად მძაფრია და საჭიროა თუ არა შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

როგორც თოლორაიამ აღნიშნა, შემაკავებელი ორდერის გამოცემა იმას არ ნიშნავს, რომ ფაქტზე გამოძიება არ იწყება.

„რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში გამოძიება იწყება და შემაკავებელი ორდერის პარალელურად, გამოძიების მიერ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება ხდება. თუ საჭირო გახდა, საჭიროების შემთხვევაში, იძულების სხვა ღონისძიებები გამოიყენება, იქნება ეს დევნის დაწყება, პატიმრობის შეფარდება თუ სხვა“, – განაცხადა თოლორაიამ. როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, შეტყობინების მიღებისთანავე, ან ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, რომ შესაძლოა, ოჯახში რამე ტიპის ძალადობას ადგილი ჰქონდეს, შემთხვევის ადგილზე შსს–ს თანამშრომელი მყისიერად ცხადდება, კონფლიქტის მონაწილე, თუ ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის მქონე პირებს გამოჰკითხავს და გამოსცემს შემაკავებელ ორდერს, რომელიც პოტენციურ მოძალადეს გარკვეული ქმედებების განხორციელებას, მაგალითად, მსხვერპლთან მიახლოებას უკრძალავს.

„ამ შემთხვევაში მსხვერპლის უარს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუ მსხვერპლი უარს აცხადებს, მაგრამ სხვა ფაქტები მის მიმართ ძალადობის არსებობაზე მიუთითებს, გამომძიებელს უფლება და მეტიც, ვალდებულება აქვს, ორდერი გამოსცეს“, – განაცხადა თოლორაიამ.

მისივე თქმით, ოჯახური ძალადობის ფაქტებზე 2014 წელს შემაკავებელი ორდერი 817 შემთხვევაში იქნა გამოცემული, 2017 წელს კი 4 000–ზე მეტ შემთხვევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მომართვიანობა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის დონე გაიზარდა.

„2017 წელს შსს–ს 800–ზე მეტი გამომძიებელი გადამზადდა და კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცედურა. ადრე, გამოწერის შემდეგ შემაკავებელი ორდერი სასამართლოსთვის დასამტკიცებლად უნდა წარდგენილიყო, დღეს კი ამგვარი ლეგიტიმაცია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელს აქვს. ის გამოსცემს ორდერს, რომელიც ძალაში მაშინვე შედის“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ტეგები