მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ადასტურებს, რომ სახიფათო ინტერნეტ თამაშით იყო დაკავებული
ამობეჭდვა · 08 / 03 / 2018 11:06
მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ადასტურებს, რომ სახიფათო ინტერნეტ თამაშით იყო დაკავებული

17 წლის მოზარდი, რომელმაც გასულ წელს ხელვაჩაურში თვითმკვლელობა სცადა, ადასტურებს, რომ სახიფათო ინტერნეტ თამაშით იყო დაკავებული.  ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი აცხადებს, რომ მეგობრებთან ერთად თამაშის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო და ამის შემდეგ დაიწყო ინფორმაციის მოძიება. მოზარდის განმარტებით, უშუალოდ თვითმკვლელობის მცდელობა მხოლოდ თამაშს არ უკავშირდება.

„აზარტულად ვიყავი განწყობილი. ჩემი თავის გამოცდა მინდოდა, რა შემეძლო და რა - არა. საშიში თამაშები მიზიდავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიციაში მქონდა საქმე, ერთი წლის წინ, მის მერე აღარ შევხებივარ. ჩემს თანატოლებს იმას ვეტყვი, რომ ამას თუ მართლა თამაშობენ, თავი დაანებობ“, - აცხადებს არასრულწლოვანი.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სანადირო თოფით მიყენებული მრავლობითი დაზიანებების ფონზე, არაერთი ოპერაციის შემდეგ, მოზარდის გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს, თუმცა მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ არასრულწლოვანს ახლა 60 ათასი ლარი ესაჭიროება დამატებითი ოპერაციისთვის. 

ხელვაჩაურში 17 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება გასული წლის ბოლოს მიიყენა. ახლობლები მომხდარს ინტერნეტთამაშს უკავშირებდნენ. 

ტეგები