ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა
ამობეჭდვა · 08 / 03 / 2018 12:24
ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოში, თბილისიდან 50 კილომეტრის მოშორებით, შულავერის გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველეს ქვევრში არსებული ღვინის კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000 წლით თარიღდება. შესაძლოა, ღვინის შემადგენლობა 8 000 წლისაც იყოს. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

"არტ ნიუსის" ცნობით, აღმოჩენამდე გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძველ ღვინოდ ირანში ძვ.წ. 5400-5000 წლით დათარიღებული ნიმუში მიიჩნეოდა. ქართული კვალი კი მასზე 600-1000 წლით ძველია.

საქართველოს ღვინისა და ყურძნის შემსწავლელ კვლევაში საქართველოსთან ერთად რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის – საფრანგეთი, იტალია, ისრაელი, კანადა, დანია და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ. აღმოჩენის ავტორი პენსილვანიის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნია. 

გასული წლის ნოემბერში მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად, ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე. აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“. 

ამასთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ტეგები