„ჩვენ დავიბრუნებთ ახალგორს და სიცოცხლეს, არჩილ!“ - ემოციური ლექსი არჩილ ტატუნაშვილზე
ამობეჭდვა · 10 / 03 / 2018 15:49
„ჩვენ დავიბრუნებთ ახალგორს და სიცოცხლეს, არჩილ!“ - ემოციური ლექსი არჩილ ტატუნაშვილზე

პოეტი დათო ახლოური სოციალურ ქსელში ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილზე ემოციურ ლექსს აქვეყნებს:

არჩილ!

ისევ მაგონებს საქართველო
წარსულის აჩრდილს,
პასუხს ვეღარ ვცემ გადამთიელს,
დედა ნატირებს...
ქსანი დამშრალა,
დაწრეტილა არაგვი არჩილ...
ძმა მომიკლეს და
ახლა გვამიც დამიპატიმრეს!


დაცინვა გინდა?
დაცინვაა თანაც როგორი...
მხოლოდ ლხინში ვარ
ქართველი და
მხოლოდ ნადიმში...
არ იკადრებდა არცა სპარსი,
არცა მონღოლი,
ძმად მიღებული
რასაც მკადრებს
ჯაყოს ბადიში...


მეტი რა გზაა,
„მშვიდად" ვისმენ
რუსულ გაკვეთილს,
სულს მიგინებენ
ნაცემსა და
ათასჯერ დაჭრილს...
დედას რა ვუთხრა,
შვილმკვდარსა და
სასოწარკვეთილს!
რით ვანუგეშო მამაშენი,
არ ვიცი, არჩილ!


ან ვინ გაუმხელს
შენს არ ყოფნას
ქსანზე გაზაფხულს,
შენ, ჩემო ძმაო,
ნაწამებო ქართლის იარავ,
ვეღარ ვიშორებ
ამ ოხერ ცრემლს
თვალზე განაბულს,
შენმა სიკვდილმა
გრიგალივით
გადამიარა!


მაინც ვიბრძოლებ...
ვერ მოვირგებ
სკვითურ აკვარელს,
არ მოუხდება საქართველოს
ნიღაბი ლაჩრის...
ჩვენ ყანჩავეთში უნდა გავყვეთ
შანშეს ნაკვალევს,
ჩვენ დავიბრუნებთ ახალგორს და
სიცოცხლეს, არჩილ!

ტეგები