საფულედან ხუთლარიანი ხელის კანკალით ამოვიღე და მოხუცს ფეხებთან მივუგდე - გურამ შეროზია
ამობეჭდვა · 11 / 03 / 2018 19:15
საფულედან ხუთლარიანი ხელის კანკალით ამოვიღე და მოხუცს ფეხებთან მივუგდე - გურამ შეროზია

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ბლოგს აქვეყნებს.

„სამარშრუტო ტაქსიში ბოლო გაჩერებაზე თეთრწვერა მოხუცი ამოვიდა. ადგილები აღარ იყო და მძღოლის გვერდით დაყუნცდა... ოციოდე წლის გოგონამ უახლოესი სავარძლიდან გაცრეცილ პიჯაკზე დაქაჩა - ბაბუ, დაბრძანდითო... ბაბუმ იუკადრისა (მაგრამ არ წყენია) - როგორ გეკადრება ბიძიაო(!) ეგეთი მოხუცი კი არ ვარ ქალიშვილმა ადგილი დამითმოსო... გოგონა არ ეშვებოდა, მოხუციც ხითხითებდა და არაფრით ჯდებოდა...

დავიძარით.

ალბათ ყველა მგზავრი დაუთმობდა ამ საყვარელ და ამაყ მოხუცს თავის ადგილს, მაგრამ აღარავინ სთავაზობდა. ყველა რაღაცნაირად უხერხულად იყო...

გზაში რაღაც იკითხა და აღმოჩნდა, რომ ზუსტი მისამართიც არ სცოდნია. მერე მგზავრობის ღირებულება იკითხა. მერე ჯიბე ააჩხრიალა. მერე კი იმ გოგონას გადასძახა ძველმოდურად და ამაყად - ქალიშვილო, თქვენი "ბილეთი" აღებულიაო!.. ამან სულ დაგვითუთქა გულები...

ჩემს გაჩერებას ვუახლოვდებოდით...

საფულედან ხუთლარიანი ხელის კანკალით ამოვიღე და მოხუცს ფეხებთან მივუგდე.

- ბატონო! - მივაყვირე ნერვიულობისგან (თან მეშინოდა კიდევ ერთხელ არ მეწყენინებინა მოხუცისთვის, თან ხაზი გავუსვი ბაბუა არ ხართქო) - ფული დაგივარდათ - ავიღე და მივაწოდე ჩემივე დაგდებული... გაოგნებულმა დახედა. ცოტა შეყოყმანდა და გამომართვა... ლოყები ამეწვა... თითქოს მიმიხვდა... შემრცხვა!..

ვიცი მძღოლმა დამინახა და იმისიც შემრცხვა...

სასწრაფოდ შემოვტრიალდი და უკან დავდექი.

უკანა რიგებიდან ვიღაცამ ფეხზე მდგომს უთხრა ჩანთას დაგიჭერო...

ჩასვლისას მძღოლმა უკან დამიბრუნა ჩემი რკინის ლარიანი და ადამიანის ხმით მითხრა: ჩაბრძანდით ქალბატონო!“, - წერს შეროზია.

ტეგები