დეპუტატები ირანის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2018 13:45
დეპუტატები ირანის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და ჯგუფის წევრები ირანის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველო-ირანს შორის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობისა და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შალვა კიკნაველიძე მიესალმა სტუმრებს და ირანელ კოლეგებს მეგობრობის ჯგუფის წევრები გააცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-ირანის მეგობრობის დიდი ისტორია და ითქვა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებამ ორი ქვეყნის მოსახლეობას უფრო ხშირი ურთიერთობის შესაძლებლობა მისცა. 

ირანის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯაფარ ფურიმ განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ირანულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ სფეროში, საბანკო სექტორში, ასევე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრობლობის თაობაზე.

მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და  სტუმრებს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო გააცნო.

ტეგები