იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2018 15:59
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

იურიდიულ  საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა  კანონის პროექტი: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროქტები. 

როგორც კანონპროექტების ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, კახაბერ კუჭავამ განაცხადა, ხუთი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტის მიზანია მაქსიმალურად განტვირთოს და უფრო მოწესრიგებული გახადოს საგზაო მოძრაობა დედაქალაქში. 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს თბილისის მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრას საავტომობილო მოძრაობის სფეროში, კერძოდ:  გასცეს ნებართვა მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანაზე, დაადგინოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ავტობუსები გაჩერდებიან მხოლოდ გაჩერებებზე და ა.შ.

წარმოდგენილი ცვლილებებით:  თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევაზე ჯარიმა  20 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება; დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მხრიდან დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის დარღვევა გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;  დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერებისთვის ან დგომის წესის დარღვევისთვის გათვალიწინებულია 50 ლარიანი ჯარიმა; მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის განხორციელებაზე უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია 200 ლარიანი ჯარიმა.

კანონპროექტების ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, კახაბერ კუჭავამ  კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. მომხსენებელმა სხდომაზე გამოთქმული გარკვეული შენიშვნები გაიზიარა. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს შემოთავაზებული ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

წარმოდგენილი პროექტით,  თანამდებობის პირი ვალდებული იქნება დეკლარაციაში ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშის ან/და შენატანის შესახებ, რომლის განკარგვის უფლებაც  თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს აქვს,  დააფიქსიროს დეკლარაციის შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით და არა  დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით, როგორც ეს მოქმედი ნორმით არის გათვალისწინებული.

კანონპროქტის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის შედეგებს ემატება „დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობა.“ შემოთავაზებული ცვლილებები ადგენს იმ კონკრეტულ შემთხვევებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მონიტორინგის განმახორციელებელი დაწესებულება  უფლებამოსილი იქნება მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ.

კანონპროექტით იცვლება დეკლარაციაში არასწორი და არასრული მონაცემების შეყვანის შემთხვევაში დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისას განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა. სამართლიანობის პრინციპის სრულყოფილად უზრუნველყოფის მიზნით, ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმებისა, თანამდებობის პირი დაჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი პროცენტული ოდენობით, კერძოდ, 25%-ის ოდენობით. თუმცა, ასევე დადგენილია ჯარიმის მინიმალური ოდენობა, რაც იქნება 500 ლარი.

აღნიშნული ცვლილებით არ ხდება არაარსებითი დარღვევებისათვის თანამდებობის პირის დაჯარიმება. თუმცა, ეს ცდომილებები მაინც მიიჩნევა დარღვევად და მათი გამოვლენის შემთხვევაში მოხდება თანამდებობის პირის გაფრთხილება. პროექტი ითვალისწინებს, რომ არაარსებითი დარღვევის მომდევნო მონიტორინგის პროცესში გამოვლენის შემთხვევაში თანამდებობის პირის დეკლარაცია შეფასდება უარყოფითად და პირი დაექვემდებარება დაჯარიმებას.

კანონპროექტის განხილვის დროს  გამოითქვა გარკვეული შენიშვნები  არაარსებითი დარღვევებისათვის თანამდებობის პირის გაფრთხილების საკითხთან დაკავშირებით. კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხს მეორე მოსმენით განხილვის დროს დაუბრუნდება. აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი  „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი და ყალიბდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით - შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 7 დღის ნაცვლად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც განსახილველი დავის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც ექვემდებარება საჩივრით გასაჩივრებას. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, კომიტეტის მორიგი სხდომა  19 მარტს გაიმართება.

ტეგები