ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, კანონპროექტთა პაკეტზე იმსჯელეს
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2018 19:59
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, კანონპროექტთა პაკეტზე იმსჯელეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, კანონპროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ წარადგინა და დეპუტატებს საპენსიო რეფორმის მნიშვნელოვანი ასპექტები დეტალურად გააცნო.

„აღნიშნული კანონპროექტის მიზანია საქართველოში საპენსიო სისტემის განვითარების ხელშეწყობა.  დღეს არსებული საპენსიო სისტემა არის გარკვეულწილად უსამართლო, რადგან არ იძლევა მაღალი პენსიების გაცემის შესაძლებლობას. წარმოდგენილი კანონპროექტით, ჩვენი მცდელობაა გავაფართოვოთ საპენსიო სისტემა“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ პროექტის წარდგენისას. 

პროექტი სოციალური პენსიის ზრდის მექანიზმის შემუშავებას და დამატებითი საპენსიო სისტემის კომპონენტის - კერძო დაგროვებითი საპენსიო მოდელის დანერგვას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ გაგუამ რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვის საჭიროებაზე, კერძო დაგროვებითი საპენსიო აქტივების მართვასა და რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო ფისკალური ხარჯების შესახებ ისაუბრა.

„დაგროვებითი პენსიების შესახებ" კანონის პროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს, კერძოდ - თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს - თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს - ისინი ნებაყოფლობით განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების ასევე, თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს გადაურიცხავს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოხდება დაგროვილი თანხის ინვესტირება, რის შედეგადაც მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება. შესაბამისად, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად, საპენსიო ასაკში, მისი სოციალური უზრუნველყოფის დონეს გააუმჯობესებს.

რაც შეეხება ახალ საპენსიო სისტემაში ჩართულ მოქალაქეთა ასაკს - მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, მათი ასაკის მიუხედავად.

ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი წევრებისგან შემდგარი საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად.

მომხსენებლის განმარტებით, განხორციელებული შენატანები წარმოადგენს სრულად კერძო საკუთრებას, რომლითაც სარგებლობა პირს საპენსიო ასაკის მიღწევის შეეძლება.

„ეს არის დანაზოგის ალტერნატიული და დამატებითი მექანიზმი, რომელმაც მონაწილის მიერ რეალურად უნდა უზრუნველყოს ღირსეული პენსიის მიღება“, - განმარტა ნიკოლოზ გაგუამ.

მომხსენებელმა იმ მოდელზე ისაუბრა, რომელსაც პენსიის გაცემების პრინციპი ითვალისწინებს.  მისი თქმით, პენსიის გაცემა შესაძლოა მოხდეს სამი მეთოდით. ეს არის: ე.წ. ერთჯერადი გატანა; ანუიტეტური გაცემის პრინციპი და  პროგრამული გატანის პრინციპი.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, ეს სისტემები გათავისუფლებულია საგადასახადო ტვირთისგან. მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა იმისთვის, რომ ქვეყანაში წახალისდეს დანაზოგები და გაიზარდოს ინვესტიციები. აღნიშნული რეფორმა ახალისებს ეკონომიკურ ზრდას.

„აღნიშნული რეფორმის მთავარი მიზანია იმ შესაძლებლობის შექმნა, რომ მომავალში პენსიონერებმა ღირსეული პენსია და მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი მიიღონ. რეალურად შექმნას ის ინსტრუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევძლებთ პენსიის მნიშვნელოვნად ზრდას. ჩვენი მოდელირება გვიჩვენებს, რომ აღნიშნული რეფორმა შესაძლებელს გახდის საშუალოდ, დაახლოებით 5-6-ჯერ გაიზარდოს პენსიის მოცულობა დღევანდელთან შედარებით“, - განაცხადა მომხსენებელმა.

დეპუტატები დაინტერესდნენ რა სახის გარანტიები ექნებათ ბენეფიციარებს ფონდში თანხების განთავსებით და რა პასუხისმგებლობას იღებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო. ასევე, რამდენად ეფექტიანი იქნება ამ ფონდში პირების მიერ თანხის განთავსება.

კომიტეტის წევრები ასევე, დაინტერესდნენ 40 წლამდე მოქალაქეებისთვის რატომ ხდება სავალდებულო და არა ნებაყოფლობითი პენსიის დაგროვებით სისტემაზე გადასვლა.

კომიტეტის წევრებმა მომხსენებელს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების თხოვნით მიმართეს. ასევე, დაინტერესდნენ რამდენად მოდის შესაბამისობაში კანონპროექტთა წარმოდგენილი პაკეტი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კანონმდებლებმა კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები დააფიქსირეს და საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს.

კომიტეტი მიესალმა კანონპროექტით წარმოდგენილ რეფორმას საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში და მხარი დაუჭირა მის მიზნებს, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება საპენსიო ასაკის დადგომის შემდგომ. კომიტეტს მიაჩნია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები საჭიროა ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო სოციალური პრობლემის, დაბალი პენსიის დასაძლევად. სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების თანახმად, ასეთი სქემის სარისკო ხასიათიდან გამომდინარე აუცილებელია კანონპროექტში ნათლად იყოს გაწერილი რისკების შემცირებისა და თავიდან აცილებისთვის საჭირო ნორმები.  როგორც აღინიშნა, რადგან საპენსიო სისტემაში გაწევრიანება კანონით სავალდებულო იქნება განსაზღვრული პირებისთვის, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საპენსიო აქტივების მდგრადობა, რომლის გარანტიებიც კანონშივე ნათლად უნდა იყოს გაწერილი.

კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების თანახმად, მიზანშეწონილია განიმარტოს, თუ როგორ მოხდება საპენსიო შენატანის ადმინისტრირება იმ შემთხვევაში თუ ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის რეგულირების ქვეშ მოექცევა დასაქმებულია უცხოურ კომპანიაში. 

ასევე, კომიტეტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად შეზღუდვა, რომლის მიხედვით ბენეფიციარს არ აქვს უფლება საპენსიო სქემიდან არაუადრეს 3 თვისა გავიდეს.

კომიტეტმა კანონის პროექტს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს, აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებთ მხარი დაუჭირა.

„ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რადგანაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეხება. ჩნდება ბევრი შეკითხვაც. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი პასუხობდეს  ამ შეკითხვებს,  იყოს მაქსიმალურად გამართული და საზოგადოებაში არ გააჩინოს გაუგებრობა“, - აღნიშნა სხდომის თავმჯდომარემ ირინე ფრუიძემ. 

ტეგები