იმედი მაქვს, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ სიტუაციას ახალი მენეჯმენტი ადეკვატურად შეაფასებს - ნინო ლომჯარია
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2018 22:33
იმედი მაქვს, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ სიტუაციას ახალი მენეჯმენტი ადეკვატურად შეაფასებს - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველის დანიშვნას მიესალმება.

როგორც ნინო ლომჯარია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, მას იმედი აქვს, დაწესებულებაში არსებულ სიტუაციას ახალი მენეჯმენტი ადეკვატურად შეაფასებს.

„მივესალმები ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას სურამის ფსიქიატრიულში დროებითი მმართველის დანიშვნის თაობაზე. იმედი მაქვს, დაწესებულებაში არსებულ სიტუაციას ახალი მენეჯმენტი ადეკვატურად შეაფასებს. მადლობა მედიას სათქმელის ადრესატამდე და საზოგადოებამდე მიტანისთვის. თქვენი უშუალო მონაწილეობით ჩვენ ერთად შევძელით წლობით ერთ ადგილას გაყინული სიტუაცია დაგვეძრა!“, - წერს ნინო ლომჯარია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ა.ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრისთვის დროებითი მმართველი დაინიშნება.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით შექმნილმა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო, რომელიც დაწესებულებაში დღეს იმყოფებოდა.

ამასთან სახალხო დამცველი ა. ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტები ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან.

ტეგები