გიორგი წერეთელმა ბაქოში, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 11:11
გიორგი წერეთელმა ბაქოში, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფება.

ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და ასამბლეის საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში აზერბაიჯანის ჩართულობასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმო. აღინიშნა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება აზერბაიჯანს ეუთოს სივრცეში სანდო პარტნიორად წარმოაჩენს, რაც, თავის მხრივ, უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე მხარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებს შეეხნენ და აღნიშნულ პროცესში ეუთოს როლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ქვეყნის პირველ პირთან გამართულ შეხვედრაზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და უკრაინის კრიზისის სავალალო შედეგებსაც შეეხო და კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ქვეყნის მილი მეჯლისის სპიკერს, ოგდავ ასადოვს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამადიაროვს და საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის და ასამბლეის ფარგლებში შექმნილი „აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, - „პარლამენტარების როლი აბრეშუმის გზის მხარდასაჭერად ეკონომიკური თანამშრომლობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში", მიიღებს მონაწილეობას.

ტეგები