პარლამენტის წევრებმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე უვიზო მიმოსვლის, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციისა და არჩილ ტატუნაშვილის საკითხები განიხილეს
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 12:37
პარლამენტის წევრებმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე უვიზო მიმოსვლის, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციისა და არჩილ ტატუნაშვილის საკითხები განიხილეს

საქართველოს პარალამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართა, ასევე შეხვედრა გაიმართა ევროპარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

“ვისაუბრეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თაობაზე, ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღების აუცილებლობაზე. ამ იდეას იზიარებენ ჩვენი ევროპელი კოლეგები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ ჩვენი ოკუპაციის საკითხი ევროპის ყურადღების ცენტრში მუდმივად იდგეს. ვფიქრობთ, რომ ევროპარლამენტის სპეციალური რეზოლუცია, რომელიც ძალიან მძიმეწონიანი პოლიტიკური აქტია, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, იმედია მხარდაჭერას მოიპოვებს და ზაფხულამდე იქნება მიღებული”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროპარლამენტარებთან ჰაიდი ჰაუტალასთან, კნუტ ფლეკენშტაინთან, ვიქტორ ბოშტინარუსთან, პეტრა აუსტრევიჩიუსთან, დევიდ მაკალისტერთან და სხვებთან გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი იყო ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის საკითხზე, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება ამ ეტაპზე, თუმცა მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა ბოროტად არ გამოიყენონ ქვეყნის ის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელსაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ქვია. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შემცირდეს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების პირობების დარღვევა.

საუბრის თემა იყო ასევე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი, რასაც ევროპარლამენტარების მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

 

ტეგები