საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები: „სითი პარკთან“ დავას მერია მოიგებს
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 13:50
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები: „სითი პარკთან“ დავას მერია მოიგებს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ მერიის მიზანი რომელიმე კერძო კომპანიის დაზარალება არ არის. მათი თქმით, მთავარია მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული და სწორედ ამას ემსახურება "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცლებს.

დეპუტატი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ დედაქალაქში სატრანსპორტო პარკირების სისტემა შეფერხებების გარეშე იმუშავებს და მერიის ზედამხედველობისა და სატრანსპორტო სამსახურების თანამშრომლები გაუწევენ კოორდინირებას.

საკრებულოს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ თუკი "სითი პარკი" გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, დავას მერია აუცილებლად მოიგებს. მისივე თქმით, ხელშეკრულბის გაწყვეტა გამოიწვია ამ კომპანიის მხრიდან აუცილებელი ვალდებულებების შეუსრულებლობამ და ხელშეკრულების პირობების უხეშად დარღვევამ.

უმრავლესობის წევრი ვატო შაქარიშვილი კი ფიქრობს, რომ "სითიპარკის" მიზანი არა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა, არამედ მეტი ჯარიმის დაწერა და საკუთარი შემოსავლების გაზრდა იყო.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ტეგები