ირაკლი კობახიძე: რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არ იყო კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 14:15
ირაკლი კობახიძე: რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არ იყო კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსული მხარის პასუხი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვაზე არაკონსტრუქციულად შეაფასა.

თუმცა, მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რამდენად კონსტრუქციული ან დესტრუქციული იქნება განცხადებები მეორე მხრიდან, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს პრაგმატული მიდგომა, რომელიც აქვს 2012 წლიდან.

ირაკლი კობახიძის აზრით, სწორედ რუსეთთან პრაგმატული მიდგომის შედეგია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უსაფრთხოების და სტაბილურობის ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდა.

„სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენ პრაგმატულ მიდგომას არ პასუხობს თავისი პრაგმატული მიდგომით. ბოლო განცხადებაც იყო ამის გამოძახილი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს მიდგომა შეიცვლება. ჩვენ გვჭირდება გზების გამონახვა იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს. მშვიდობიანი მოგვარება კონფლიქტის, არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ასახულია შესაბამის საპარლამენტო რეზოლუციაში. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ გვაქვს პრაგმატული მიდგომა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში 2012 წლიდან. ზუსტად ამ პრაგმატული მიდგომის შედეგია ის, რომ საქართველოში თვისობრივად ამაღლდა უსაფრთხოების ხარისხი ბოლო წლების განმავლობაში“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო უწყების საპასუხო განცხადებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერის განცხადებას, ირაკლი კობახიძის თქმით, ის ითვალისწინებდა არა რაიმეს ცვლილებას, არამედ იმ ხაზის გაძლიერებას, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან არის ჩამოყალიბებული.

„ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, დისკუსიისთვის იმისათვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და ზუსტად ეს იყო ასახული პრემიერის განცხადებაში. პრაგმატულ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ვიცით სადამდე მიგვიყვანა, თავის დროზე, არაპრაგმატულმა პოლიტიკამ. ვგულისხმობს იმ მოვლენებს, რომელიც, ყველამ ერთად, სამწუხაროდ, ვიხილეთ 2008 წელს და ზუსტად პრაგმატული მიდგომის შედეგია ის ცვლილება, რომელიც გვაქვს საქართველოში 2012 წლის შემდეგ უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, კიდევ ერთხელ, მიზანი იყო იმ ხაზის გაძლიერება, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული . ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კონსტრუქციული თუ დესტრუქციული იქნება განცხადებები მეორე მხრიდან. ჩვენ ჩვენი მცდელობა არ უნდა დავაკლოთ იმისათვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით,“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტეგები