თამარ ჩუგოშვილი ნიუ-იორკში, UNDP-ს ხელმძღვანელს აქიმ შტეინერს შეხვდა
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2018 14:43
თამარ ჩუგოშვილი ნიუ-იორკში, UNDP-ს ხელმძღვანელს აქიმ შტეინერს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესია მიმდინარეობს. სესიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით.

12 მარტს საქართველოს დელეგაციამ UNDP-ს ხელმძღვანელთან აქიმ შტეინერთან გ​ამართა ორმხრივი შეხვედრა. თამარ ჩუგოშვილმა და დელეგაციის სხვა წევრებმა UNDP-ს ხელმძღვანელს გააცნეს საქართველოში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე რეფორმები და ძირითადი გამოწვევები. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, UNDP მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების, პარლამენტის გაძლიერების, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მხარდაჭერის კუთხით. შეხვედრაზე აქიმ შტეინერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი UNDP-თვის და წარმატებული მაგალითია რეგიონისთვის.
„ვიმედოვნებ, რომ ბატონი სტეინერი შეძლებს მიიღოს ჩვენი მოწვევა და დაესწროს ღია მმართველობის პარტნიორობის დაგეგმილ სამიტს საქართველოში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დელეგაციის წევრები სესიის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგებში და სიტყვით მიმართავენ სესიის მონაწილე დელეგაციებს.

თამარ ჩუგოშვილი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს გენერალური დისკუსიის ფარგლებში. მისი გამოსვლა შეეხება იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება საქართველოში ადგილობრივ დონეზე ქალების გასაძლიერებლად და იმ გამოწვევებს, რომელიც ხელს უშლის ქალებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები: ელენე ხოშტარია და დიმიტრი ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და კატო მიქელაძის პრემიის 2017 წლის ლაურეატი, ქალთა უფლებათა აქტივისტი გურიიდან, ქეთევან ხიდაშელი.

ტეგები